პოლიტიკა
თბილისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა

1-eSton-politikaa1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშთონი ეწვევა. საქართველოში გამომგზავრებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირებულ შეთანხმებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე. იგი დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც აპირებს ყურადღების გამახვილებას.

როგორც ეშთონმა განმარტა, შეხვედრები შედგება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. მას საშუალება ექნება, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცოს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები.

თბილისში სტუმარს სამი საათისთვის ელიან. ხანმოკლე ვიზიტის დროს დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთანაც. ქვეყნიდან გამგზავრების წინ კი იგი ბრიფინგს ჩაატარებს.