საზოგადოება
სს „საქართველოს რკინიგზას“ ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს

1-guncaZe-sazogadooo1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე (კოკა) გუნცაძე დაინიშნა, გენერალური დირექტორის (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის) პირველ მოადგილედ კი – ოლეგ ბიჭიაშვილი, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობებს შეასრულებს.

„საპარტნიორი ფონდის“ ამ გადაწყვეტილების თაობაზე „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყებიან. ამავე ინფორმაციის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრით განისაზღვრა. გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა ორგანიზაციის მენეჯმენტშიც.

ოლეგ ბიჭიაშვილი გამოცდილი რკინიგზელია, მას „საქართველოს რკინიგზაში“ რამდენიმე ათეული წლის მსახურების სტაჟი აქვს და ზედმიწევნით კარგად იცნობს უწყების სპეციფიკას.

ინფრასტრუქტურის დირექტორად, ასევე, გამოცდილი რკინიგზელი გურამ გურამიშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს, ის უფრო წარმომადგენლობითი გახდა, დაემატა რა ერთი წევრი ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის სახით. ოპერაციათა მართვის დეპარტამენტს გრიგოლ სამსონაძე უხელმძღვანელებს.

წინა დღეს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ ბოლო ბრიფინგი გამართა, სადაც თავისი საქმიანობის პერიოდზე ისაუბრა და კომპანიის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა, ამასთან, თავის მოადგილეებს (დღეს უკვე – ყოფილ) პრემია გამოუწერა 200 ათასი ლარის ოდენობით.