აქტუალური
დასუფთავების სამსახურის დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე დღეს გასტანს

1-dasufT-aqtuaaa2საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ დაწყებული დასუფთავების სამსახურის დოკუმენტაციის შესწავლა დღეს დილიდან განახლდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო დეპარტამენტების წარმომადგენლები სამსახურის სამივე ოფისში ერთდროულად შევიდნენ. მონიტორინგის ჯგუფის წევრის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, არ არის დალუქული სამეურნეო საწყობები და, შესაბამისად, დასუფთავების სამსახურში მიმდინარე შემოწმება ხელს არ შეუშლის და არ შეაფერხებს დედაქალაქის დასუფთავების პროცესს. მისი თქმით, დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე დღეს გასტანს.

სამსახურის ხელმძღვანელი, „თბილსერვისჯგუფის “გენერალური დირექტორი თორნიკე შიოლაშვილი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მონიტორინგის ჯგუფს შეუფერხებლად მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

სხვადასხვა დაწესებულებაში მიმდინარე ფინანსური შემოწმებების საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზეც შეეხნენ. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ფინანსური შემოწმება არის კანონიერი და ამ პროცესში არანაირი გავლენა არ აქვს პოლიტიკას.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ შეამოწმოს ორგანიზაციები, როგორ იხდიან გადასახადებს და რამდენად პირნათელი არიან ისინი ბიუჯეტთან. არანაირი პოლიტიზება საკითხისა არ არის და ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია – არცერთ ორგანიზაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არცერთი სტრუქტურის მუშაობა არცერთი წამით არ გამოიწვევს ამ ორგანიზაციის მუშაობაში ხელის შეშლას“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, დასუფთავების სამსახურში ორი წლის წინ აღიძრა საქმე და გაურკვევლად შეჩერდა: „რაკი უკვე საქმე აღძრული იყო, ჩვენ, უბრალოდ, განვაახლეთ შესწავლა იმ პროცესების, რომლებიც ორი წლის წინ  წინა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დარღვევით ხორციელდებოდა  დასუფთავების სამსახურში საქმიანობა“.