აქტუალური
Washington Post: „საქართველოს მთავრობამ მცდარი გეზი აირჩია“

1-washington-postსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ბოლოს ხანს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ეხმაურება დასავლეთის პრესა. გამონაკლისი არც ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აღმოჩნდა და დღეს, 28 ნოემბერს, გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „საქართველოს მთავრობამ მცდარი გეზი აირჩია“, სადაც გამოცემის სარედაქციო საბჭო ნეგატიურად აფასებს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმეკვირიან პერიოდს.

საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა აღნიშნულ გამოცემაში დემოკრატიის ტრიუმფად არის მოხსენიებული, თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ გამარჯვებამ წამოჭრა ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა –  შეძლებს თუ არა ეს პატარა სახელმწიფო პოლიტიკური პლურალიზმის მყარ მოდელად ქცევას, თუ ის უკრაინის გზას გაჰყვება, სადაც ლიბერალური მთავრობის მარცხმა მისი ლიდერების დაპატიმრება გამოიწვია და ქვეყანა რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიაბრუნა?

სარედაქციო საბჭოს თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დიდი დრო არ დასჭირვებია ამ კითხვაზე პასუხისათვის. „ქვეყნის სათავეში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავა წინა ადმინისტრაციის 20-ზე მეტი  თანამდებობის პირი, მათ შორის, თავდაცვისა და შს მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო ვადაც ერთ წელიწადში იწურება, ხელი შეუწყო ახალი მთავრობის ფორმირებას, ივანიშვილმა მაინც დაჟინებით მოითხოვა მისი გადადგომა. ამავე დროს, იგი აგრძელებს პრეზიდენტის თანამოაზრეების სამართლებრივ დევნას, რითაც მიანიშნებს, რომ თუკი იგი არ გადადგება, მისი თანაგუნდელების მიმართ კვლავაც გაგრძელდება სანქციების პოლიტიკა. ასევე, დაშინებულია ყოფილი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი მედიაც.

„ბატონი ივანიშვილი ქართველებს დაჰპირდა, რომ გააგრძელებდა პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისკენ არის მიმართული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის მაღალჩინოსნების, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლება გააფრთხილა – არ დააყენონ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორება კანონის უზენაესობაზე მაღლა. პირიქით, ივანიშვილის თანამებრძოლები საუბრობენ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე ყოფილი პრემიერის, თბილისის მერისა და სხვათა მიმართ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ვაშინგტონ პოსტი, ასევე, ახსენებს მკითხველს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ-ში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გადაიდო. „სანამ იგი აგრძელებს ოპოზიციის ლიდერთა დაპატიმრებებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ლამობს, პრემიერის ვიზიტი ვაშინგტონში მისასალმებელი არაა“, – აღნიშნულია სარედაქციო წერილში.