პუბლიკაციები
ბალტიისპირეთი – ნატოსა და ევროკავშირზე: ქართველებო, უარი თქვით სტერეოტიპებზე!

1-analit-new-GLსაერთაშორისო კონფერენცია „ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბალტიისპირეთის გამოცდილება: შესაძლებელია თუ არა გამეორება საქართველოში?“ 2012 წლის 19 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ საქინფორმის ჟურნალისტები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე, აგრეთვე, ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები. ბალტიისპირელ ექსპერტთა ვიზიტის მთავარი მიზანი კი, ორგანიზატორების თქმით, ქართველი საზოგადოებისთვის იმ სიტუაციის გაცნობა გახდა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შემდეგ შეიქმნა.

როგორც კონფერენციის მსვლელობისას აღინიშნა, ეს შეხვედრა საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უფრო რეალურად შეხედოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში წევრობის საკითხს, შეაფასოს მისი ყველა პლუსი და მინუსი. ამ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვეს: დიპლომატმა, პოლიტიკურმა მოღვაწემ, ლიტვის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა ალგირდას პალეცკისმა და მოქმედმა დეპუტატმა იულიუს ვესელკამ; ესტონეთის წარმომადგენლებმა – ჟურნალისტმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედუარდ ტინმა, პარლამენტის დეპუტატმა იანა ტოომმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა ალექსეი სემიონოვმა; ლატვიის პარლამენტის დეპუტატმა, ჟურნალისტმა ნიკოლაი კაბანოვმა და მისმა თანამემამულემ – ეკონომისტმა, დამოუკიდებელმა მიმომხილველმა ეინარს გრაუდინშმა, და სხვებმა.

მოგვიანებით ბალტიისპირელმა სტუმრებმა მოინახულეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ღია უნივერსიტეტი, მონაწილეობა მიიღეს შეხვედრებში ჟურნალისტთა სახლში, ბათუმისა და ქუთაისის პრესკლუბებში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია რეჟისორ გიორგი ხაინდრავას დოკუმენტური ფილმისა „დემოკრატიის შუქურა“ და ავტორთა კოლექტივის (იოსებ არჩვაძე – პროფესორი, ეკონომისტი, დემოგრაფი, გიორგი ვეკუა – პოლიტოლოგი, პუბლიცისტი, ნანა დევდარიანი – ჟურნალისტი, ყოფილი ომბუდსმენი, ლევან ოსიძე – პროფესორი, პოლიტოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გულბაათ რცხილაძე – პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი) დამოუკიდებელი საექსპერტო მოხსენებისა „ვარდების რევოლუცია. შედეგები“.

მაშ ასე, სიტყვა ეძლევა კონფერენციის მონაწილეებს, სტუმრებს ბალტიისპირეთიდან:

ალგირდას პალეცკისი, ლიტვის სეიმის ექსდეპუტატი:

– რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში ლიტვაში? სიტუაციის ანალიზს მივმართოთ. ჩვენ გვქონდა მაღალეფექტიანი სოფლის მეურნეობა, რომელიც ახლა პრაქტიკულად დანგრეულია. ქარხნების უზარმაზარი პროცენტი გაკოტრდა, გაიზარდა სოციალური დაძაბულობა. ჩვენ დავკარგეთ ბაზრები აღმოსავლეთში და თითქმის ვერაფერი შევიძინეთ დასავლეთში. მიწის ოთხმოცდაათი პროცენტი ხუთ პროცენტს, ეგრეთ წოდებულ ახალ აზნაურებს ეკუთვნით. ფაქტობრივად, ჩვენ ნელ-ნელა დავბრუნდით ომამდელ დროში. ეკონომიკაში მკვეთრი „გადაბრუნება“ ხალხს ძალიან ძვირად დაუჯდა.

რაც შეეხება პოლიტიკას – ლიტვა ჩვეულებრივი მარიონეტია ვაშინგტონისთვის, რომელიც ვილნიუსს ხელმძღვანელობს. ჩვენი პოლიტიკოსები კი თავს გვაჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი არ ხდება. ჩვენ ვმონაწილეობთ ნატოს ყველა აგრესიულ ომში – ლიბიიდან (მორალურად და ტექნიკურად) იუგოსლავიამდე. ჩვენ „ვეჩხირებოდით“ ნატოს ყველა ავანტიურაში, სანამ იქ არ მიგვიღეს. და აი, მაშინ ლიტვამ თავის მიწაზე მიიღო ЦРУ-ს საიდუმლო ციხეები, სადაც ტერორისტები ჩამოჰყავდათ და ინფორმაციას წამებით სძალავდნენ. ახლა ლიტვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღმოჩნდება. აი, ამ პოლიტიკისა და ნატოს წევრობის ფასი!

სოციალური სფერო განვიხილოთ. რა გვაქვს? უმუშევარი ახალგაზრდობის ოცდაათი პროცენტი, უმსხვილესი ემიგრაცია. ადამიანები ღირსეული სამუშაოს მოსაძებნად მიემგზავრებიან. აქ ლიტვაზე ბევრი მითი მოვისმინე. ნება მიბოძეთ, ისინი გავფანტო. ციფრები ჩვენი ვითომდა 1000- და მეტევროიანი პენსიის შესახებ აშკარად გადაჭარბებულია. ჩვენი პენსიონერები 150-200 ევროს იღებენ, რისი უმეტესი ნაწილიც კომუნალურ გადასახადებზე მიდის. დაახლოებით 400 ათასი მოქალაქე (2.5-მილიონიან მოსახლეობაში) საკვების პაკეტებისთვის ყოველდღე წითელ ჯვარში დადის. ასე რომ, იძულებული ვარ, ვაღიარო – ერი იღუპება!

იულიუს ვესელკა, ლიტვის სეიმის დეპუტატი:

– ნებისმიერ სახელმწიფოს არ აწყენდა ცოტაოდენი სიამაყე და გონიერება. დღეს, როგორც იცით, ლიტვაში ისევ გაჩაღდა გააფთრებული კამათი იგნალინის ატომური ელექტროსადგურის დახურვის თაობაზე. ხაზს გავუსვამ, რომ მე მისი დახურვის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. ლიტვა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა რომ დაფიქრებულიყო, მაგრამ... არა! ჩვენმა გამყიდველმა პოლიტიკურმა ელიტამ ასე იმსჯელა: თუ არ დავთანხმდებით, ევროკავშირისა და ნატოს გარეშე დავრჩებით. და რუსეთი მაშინვე ლიტვის ოკუპაციას მოახდენს! რუსეთიდან რომ გარბოდით, არ გიფიქრიათ, რომ ჩვენს ოკუპირებას იქნებ არც არავინ აპირებდა?!

რეალობა კი ასეთია – თუ ერთი იმპერია სუსტდება, მის ადგილს მეორე იკავებს, და აქ ტყვედ ჩაბარება კი არა, ვაჭრობაა საჭირო! ისინი ელექტროსადგურითაც მიგვიღებდნენ! ევროკავშირში ბევრ მოღვაწეს შევხვდი და ამიხსნეს – ჩვენ გაიძულეთ, ატომური ელექტროსადგური დაგეხურათ არა უსაფრთხოების პრობლემების გამო. უბრალოდ, ის მთელ ევროკავშირში ყველაზე იაფ და კონკურენტუნარიან ელექტროენერგიას აწარმოებდა! ეს იყო და ეს.

უნდა შეგეძლოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ზრუნვა არა საკუთარ თავზე, არა იმაზე, როგორ გამოიყურები ბუშის ან ობამას გვერდით, არამედ საკუთარ ხალხზე. ჩვენი ელიტა კი სიხარულით ლაპარაკობს ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე... ჩემს წიგნში „დაკარგული ლიტვა“ აღვნიშნავ, რომ მთელი ხალხი როდი იზიარებს ამ სიხარულს, არიან რეალისტურად განწყობილი ადამიანებიც, რომლებიც საღად აფასებენ სიტუაციას. ყველაფერს, რაც წარსულში იყო – ვეღარ შევცვლით, ახალი უნდა შევქმნათ.

მე გეუბნებით თქვენ, ქართველებს – იარაღი და ნატო ვერ გიხსნით! ლიტვას ეს ყველაფერი უკვე აქვს, ხალხი კი მაინც გარბის ქვეყნიდან. აი, ასეთი პარადოქსია... ყველა დაპირებული კრედიტის დაფარვა კი დიდი პროცენტებით მოგიწევთ, გახსოვდეთ ეს, ქართველებო! ყოველთვის სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოთ. მთავარია – მეზობლები. ყველა ბლოკი და კავშირი ადამიანის მიერ არის შექმნილი, ეს ყველაფერი ცვალებადი და წარმავალია. მარადი მტრები და მეგობრები არ არსებობენ. მეზობლები კი ღმერთისგან მოგეცათ, ისინი თქვენთან დარჩებიან.

და კიდევ – სანამ ფობიებისგან არ განიკურნებით, გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მხოლოდ მათგან გათავისუფლების შემდეგ შეძლებთ, სამყაროს რეალურად შეხედოთ და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ!

ეინარს გრაუდინში, ეკონომისტი, დამოუკიდებელი მიმომხილველი:

– ევროკავშირი სამ ფუნდამენტურ ფასეულობას წარმოადგენს – ეს არის სამუშაო ძალის, კაპიტალის და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ზემოჩამოთვლილიდან რა აქვს რეალურად ლატვიას? ევროკავშირში შესვლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა მეოთხედი მილიონი ყველაზე შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება. ეს მოსახლეობის განადგურებაა, ეს არის გენოციდი!

ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაიხურა ლატვიის ყველაზე დიდი – ეროვნული ბანკი, შემდეგ აღმოსავლური წარმომავლობის შემნახველი ბანკიც დახურეს. დღეს მთელი ჩვენი საბანკო სექტორის 80 პროცენტი სკანდინავიის ქვეყნებს ეკუთვნის, რომლებიც ყველაფერს წყვეტენ, ლატვიაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნასაც კი!

რაც შეეხება ბიუჯეტში ინვესტიციებს – ევროკავშირისგან ბიუჯეტის ათ პროცენტსაც კი არ ვიღებთ, რაც არანაირ როლს არ თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოშიც იგივე გინდათ?! ვფიქრობ, სწორ არჩევანს გააკეთებთ და მიხვდებით, ვისთან ღირს მეგობრობა და ვისთან – არა!

ნიკოლაი კაბანოვი, ლატვიის პარლამენტის დეპუტატი:

– 2004 წლის 29 მარტიდან ლატვია ნატოს სრულუფლებიანი წევრია. 2007 წელს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო სამხედრო ვალდებულება გააუქმეს, მოხდა დაქირავებულ არმიაზე გადასვლა. ეროვნული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა მოცემული მომენტისთვის 5 142 ჯარისკაცს შეადგენს. ჩვენ ვმონაწილეობდით საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში ერაყში, კოსოვოში, ჩვენი ჯარისკაცები ახლა ავღანეთში არიან. აღვნიშნავ, რომ, ამასთან, შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვთ – 93 მილიონი ლატი.

ედუარდ ტინი, ჟურნალისტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

– ჩემი კოლეგები ესტონეთიდან ბოლო 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ჩამოსულან მიხეილ სააკაშვილთან თავიანთი რჩევებით და უმტკიცებდნენ, რომ ნატო და ევროკავშირი – გადასარევია! საქართველოში წამოსვლამდე ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი – ახლა მე მივდივარ საქართველოში, შენი დრო დამთავრდა. მაგრამ მინდა, გაგაფრთხილოთ ქართველები – შეიძლება ერთგვარ ხაფანგში გაებათ! სიტუაცია შეიცვალა, ახლა ყველას პირზე აკერია, რომ ნატო და ევროკავშირი – ბოროტებაა, ცუდია. მაგრამ ნება მომეცით, როგორც ფილოსოფოსმა, გიხრათ, რომ სიტუაცია არ შეიძლება მხოლოდ შავ-თეთრი იყოს. ნუ ჩავარდებით მეორე უკიდურესობაში, ზომიერების გრძნობა და პრაგმატიზმი აუცილებელია.

დიახ, ჩვენ, ესტონელები – ნატოსა და ევროკავშირში ვართ, ეს ჩვენი აბსოლუტური გადაწყვეტილება იყო. და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ორგანიზაციებში შესვლა სასიკეთოდ წაგვადგა. მზად ვარ, დილიდან საღამომდე ვაკრიტიკო ევროკავშირი სხვადასხვა პოზიციიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პატარა სახელმწიფო რომელიმე კავშირში უნდა იყოს. დასავლეთმა მხარი დაგვიჭირა, რუსეთი კი იმ დროს დასუსტდა.

რუსული თემა ჩემი საყვარელი თემაა. სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობას რუსეთთან თანამშრომლობა არ სურს, და საქმე აქ ნატო ან ევროკავშირი კი არა, ჩვენ თვითონ ვართ. ხელისუფლება მთელი ძალ-ღონით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ „ამ რუსების“ გარეშეც გავძლებთ. კარგად თუ ცუდად, თავს ვართმევთ. ესტონეთი მთლიანი შიდა პროდუქტით ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მეორე ადგილზეა. მაგრამ შეგვეძლო, ორჯერ უფრო უკეთესად გვეცხოვრა, რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა რომ შეგვენარჩუნებინა! რა თქმა უნდა, თქვენ მასზე ნაწყენები ხართ, რადგან ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგეთ. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ეკონომიკური კავშირების აღდგენა საჭიროა. არ უნდა დაკარგოთ, აგრეთვე, ხალხი, რომელსაც თქვენი ესმის, თქვენს ისტორიას, კულტურას, რელიგიას აფასებს.

რაც შეეხება ნატოს. ცხადია, რომ თქვენთვის მთავარი „მაცდუნებელი“ უმცროსი ბუში იყო. ის ყოჩაღი კოვბოივით შემოვარდა კავკასიასა და უკრაინაში იმ იმედით, რომ ხელის ერთი დაკვრით შეითრევდა მათ ნატოში. უკრაინაში არ გამოუვიდა, და თქვენთან რა ხდება? ორი ათას რვა წელი – ცრემლები, მწუხარება... ნუთუ გინდათ, მეორედ „დააბიჯოთ იმავე ფოცხს“? კი, იდგნენ ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში, მერე რა?! თქვენ მაგივრად  იბრძოლეს?! სადღაც რუსეთი და აშშ ერთად მუშაობენ, სადღაც – ცალ-ცალკე, მაგრამ მერწმუნეთ – ისინი ერთმანეთში ყოველთვის შეთანხმდებიან! პატარა ხალხები კი რთულ სიტუაციაში რჩებიან...

იანა ტოომი, ესტონეთის პარლამენტის დეპუტატი, სოციალური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

– საქართველოში ყოფნისას ყურადღება მივაქციე, რომ აქ ნატოს, ევროკავშირს და ევროზონას, ასე ვთქვათ, ერთ სიბრტყეში აღიქვამენ. მაგრამ ეს ხომ სულ სხვადასხვა რამეა! შეიძლება ევროკავშირში შედიოდე და ამ დროს ევროზონის წევრი არ იყო, მაგალითად, როგორც ჩვენი მეზობლები ლატვიიდან, რითაც ისინი, ვგონებ, სავსებით კმაყოფილები არიან. მართლაც, ახლა ევროზონას საუკეთესო ხანა არ უდგას. ევროკავშირის ფარგლებში ევროზონის ცალკე ბიუჯეტის შექმნაზეც კი ლაპარაკობენ, რომ კრიზისი როგორმე დაძლიონ.

ესტონეთი ევროკავშირში კარგ დროს შევიდა. ხაზს ვუსვამ, მე – ევროკავშირის იდეის გულწრფელი მხარდამჭერი ვარ, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში მას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ემხრობა. გლობალურად თუ შევხედავთ – პატარა ბალტიისპირელი მოთამაშეები ცალ-ცალკე ხომ არაფერს წარმოადგენენ.

თქვენმა ქართველმა კოლეგამ მკითხა – რა მოელის ეროვნულ იდენტობას კავშირში შესვლის შემდეგ? ამ თვალსაზრისით ესტონეთს უჭირს, ჩვენ პატარა ხალხი ვართ და საკუთარი თავის, როგორც ერის, შენარჩუნება ჩვენთვის ძნელია. პრინციპში, ევროპა – სადნობი ქვაბია.

მაგრამ პლუსებიც არის, და ძალიან ბევრი. თუ ესტონეთში 20 წლის შესვენების შემდეგ აღმოჩნდებით, დაინახავთ, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. აშენდა გზები, ევროპული ინვესტიციები ბევრ რამეში იგრძნობა. ეს ყველაფერი არის. და ყოველი მეექვსე ევრო ჩვენს ბიუჯეტში ევროკავშირიდან მოვიდა.

მაგრამ, როგორც ხვდებით, ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ჩვენ ძალიან ძვირს ვიხდით. ევროს ზონის ყველა ახალი მონაწილე ძალაუნებურად „ძველი“ ქვეყნებისთვის დონორი ხდება. როგორც კი საზღვრები იხსნება, ძალას იკრებს სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება, რამაც ცუდი სამსახური გაგვიწია. მარტივი მაგალითი: ესტონელი ექიმები ფინეთში მუშაობას ამჯობინებენ, სადაც ხელფასი 7-10-ჯერ მეტია. ჩვენ კი კარგი ექიმები, პრაქტიკულად, აღარ დაგვრჩა, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებში გვიწევს წასვლა.

თუ საქართველო ევროკავშირში შევა, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სამუშაოს თურქეთში ეძებენ, უბრალოდ, მიმართულების ვექტორს შეცვლიან. მაგრამ აქ პლუსის დანახვაც შეიძლება, თუ მაინცდამაინც გასტარბაიტერი უნდა იყო, ჯობს – ევროპაში, სადაც ჩვენთვის ახლობელი წესებით თამაშობენ.

მოკლედ, თავად ევროკავშირის იდეა შესანიშნავია, თუმცა ბევრი ჩემი კოლეგა სკეპტიკურად არის განწყობილი. მე სავსებით გულწრფელად მიმაჩნია, რომ სწორედ ევროკავშირი ეხმარება ესტონეთს „ზედაპირზე“ ყოფნაში და მომავალშიც დაეხმარება. ჩვენ ვიღებთ გონივრულ ევროპულ ნორმებს, ჩვენთან ცხოვრების დონე მაღლდება. არსებობს ერთი კარგი ანდაზა – „ვისთვის წვნიანია წყალწყალა, ვისთვის კი მარგალიტი – პატარა“. ეს სწორედ ევროკავშირზეა ზედგამოჭრილი.

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი

საქინფორმი

1-analit-new-VN