აქტუალური
„112“-ის მომსახურების გადასახადის მიზანშეწონილობა გადასახედია

1-112-aqtuaa2საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს,საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა პარტია „თავისუფალ საქართველოს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე „112“-ის მომსახურებისთვის დაწესებულ გადასახადთან დაკავშირებით, რითაც პარტია იმ უკანონო დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ყოველთვიურად მობილური ოპერატორების აბონენტებს გარკვეული თანხა ექვითებათ ბალანსიდან.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, რადგან, იმ პირებს რომლებიც ფლობენ მობილურ ან ფიქსირებულ ტელეფონს, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე ექვითებათ თანხა მომსახურებისთვის, რომლითაც მათ შესაძლოა საერთოდაც არ უსარგებლიათ. ამასთან, საქართველოში არსებობს მობილური ქსელის 3.710.000 და ფიქსირებული ქსელის 1.245.000 აბონენტი (2011 წლის მონაცემები). გამოდის, რომ ყოველთვიურად ამ გზით ხდება მილიონზე მეტი ლარის ჩამოჭრა საქართველოს მოსახლეობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი რანგის მეხანძრის ან მაშველის, ანუ პირის, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში ამ სამსახურში მუშაობით, მაქსიმალური ხელფასი განისაზღვრება 550 ლარით. მაშინ, როცა მათი ზედამხედველების, რომელთა ფუნქციაც ბოლომდე დაუდგენელია, მინიმალური ხელფასი 1300 ლარს შეადგენს. ამასთან, მწყობრიდან არის გამოსული სამაშველო სამსახურის აპარატურის მნიშვნელოვანი ნაწილი და დასაქმებულებს არ აქვთ მუშაობისთვის საჭირო პირობები. ამდენად, ყოვლად გაუგებარია, რაში იხარჯება ყოველთვიურად მობილიზებული მილიონობით ლარი, რომლის დაქვითვაც ჩვენი მოქალაქეების სატელეფონო ბალანსიდან ხდება.

„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესწავლილ იქნეს „112“-ის მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა, აგრეთვე, ახალმა ხელისუფლებამ გადახედოს „112“-ის მომსახურებისთვის დაწესებული გადასახადის მიზანშეწონილობას და იზრუნოს იმ დასაქმებულების პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდაზე, ვინც უშუალოდ ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს.