საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელთან

1-savaWropat-sazooo3საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან აცნობეს, გუშინ გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკითხები, ისე პალატისა და საპარლამენტო წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები მომავალში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ეს იყო ძალიან მეგობრული და ღია შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა საკითხები თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში. ასევე, განვიხილეთ პარლამენტსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. შეთანხმებულ იქნა, რომ პალატის კომისიების თავმჯდომარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ პარლამენტის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი, შრომის კოდექსსა და კონკურენციის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ცვლილებების შეტანის ეტაპზეა“, – განაცხადა ფადი ასლიმ.

ცნობისათვის: საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი მსოფლიო ბიზნესორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში და აერთიანებს ასობით ათას კომპანიას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა უფლებამოსილია, ისაუბროს ბიზნესწარმომადგენლების სახელით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.