აქტუალური
იგორ გიორგაძეს საქართველოში დაბრუნება სურს

1-igor-aqtuaaa2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს უშიშროების ყოფილმა შეფმა იგორ გიორგაძემ საქართველოში მისი დაბრუნების თაობაზე საქართველოს პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ მან რუსეთ-საქართველოს ტელეხიდის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ მისმა ადვოკატმა შესაბამისი მიმართვა პროკურატურას უკვე გადასცა. უშიშროების ექს-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან უკვე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

„ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ დავბრუნდე საქართველოში. მე არასდროს არანაირი ბრალი არ მაქვს წაყენებული არცერთი ხელისუფლების მხრიდან, არცერთ სასამართლოს, არცერთ საგამოძიებო ორგანოს არ წაუყენებია ჩემთვის ბრალი, მაგრამ ჩემზე დევნა გრძელდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სრულიად ლეგიტიმურია ჩემი მოთხოვნა ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს და სათავეში ჩაუდგება 2006 წლამდე მოქმედ პარტია „სამართლიანობას“.

გიორგაძე გამოეხმაურა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც და განაცხადა, რომ შევარდნაძემ და სააკაშილმა დე ფაქტო და დე იურე წერტილი დაუსვეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. ჩვენ ვიწყებთ არა ნულიდან, არამედ – მინუს ათასიდან. მე მივესალმები რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, თუმცა იმ ზიანმა, რაც მიაყენა სააკაშვილის მთავრობამ ამ ურთიერთობებს, ჩიხში შეიყვანა ეს და იქიდან გამოსასვლელად აუცილებელია თვეები და წლები“.

უშიშროების ექს-მინისტრის შეფასებით, ყველა დაკავება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ხორციელდება, მოქცეულია კანონიერების ფარგლებში და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ემსახურება.