აქტუალური
ივანიშვილი სააკაშვილს პიარით შეუტევს

bizinaaსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ოპონენტს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროპაგანდისტულ ფრონტზე პასუხი მოუმზადა. ამ კვირაში მთავრობა შექმნის სპეციალურ დეპარტამენტს საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დასავლეთის წამყვან მედიაში იმ პუბლიკაციების ტალღა იწვნია, რომლებიც საქართველოს ახალ ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის უწინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებების სერიის გამო.

დეპარტამენტს სათავეში ჩაუდგება ცნობილი პოლიტოლოგი, 40 წლის ვალერი გორგილაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ანალიტიკური ჯგუფი „ტერა-მედიას“ ხელმძღვანელია.

„ქვეყნის შიგნით და უცხოეთში საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება პრემიერის ინიციატივაა, – განუცხადა გორგილაძემ „იზვესტიას“, – საქართველოში ახლა ელიტა იცვლება. წინამორბედი დასავლეთში უკვე დამყარებულ კავშირებს იყენებს და ამ სფეროში გამოცდილების მქონეა. ახალი ბიუროკრატია კი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. ეს გარკვეულ სირთულეებსა და პრობლემებს ქმნის. ვფიქრობ, ორი თვე მაინც დაგვჭირდება, ყველაფრის ნორმაში მოსაყვანად“.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კონტაქტები შეწყვიტა დასავლეთელ ლობისტებთან, რომლებსაც ამჟამინდელი პრემიერი ფულს საკუთარი ჯიბიდან უხდიდა. არჩევნებამდე მილიარდერი პოლიტტექნოლოგებს ქირაობდა ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: National Strategies, Patton Boggs. ამათგან პირველს ივანიშვილი ყოველთვიურად – 105 ათას დოლარს, მეორეს კი 160 ათას დოლარს უხდიდა. ამასთან, აშშ-ში პოლიტიკოსის პოზიტიურ იმიჯზე პასუხისმგებლები იყვნენ პრეზიდენტ რეიგანის ექს-თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში თომას რიდი და პრეზიდენტ ბარაკ ობამას სპეციალური წარმომადგენელი ეგვიპტეში ფრენკ უიზნერი. ლობისტები ევროპაშიც მუშაობდნენ.

კვალიფიციური „პიარშიკების“ გარეშე „ქართულ ოცნებას“ პრობლემები სწრაფად დაეწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში თავისი ამასწინანდელი ვიზიტის ნაწილი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის ახსნას მიუძღვნა, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრების, თბილისის ვიცე-მერის, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და სააკაშვილის გუნდის სხვა გავლენიანი პერსონების დაკავება არ შეიძლება რეპრესიებად ჩაითვალოს.

მთავრობის ახალ პიარდეპარტამენტში 30 თანამშრომელი ეყოლება. მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა „იზვესტიას“ განუმარტა, რომ „ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ სწორი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს მინისტრთა კაბინეტის მუშაობის, ინიციატივებისა და გეგმების შესახებ. აუცილებელია კომუნიკაციის დამყარება, რათა ჩვენი მუშაობა გამჭვირვალე იყოს“.

„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, თანამშრომლობა აღადგინოს დასავლეთელ ლობისტებთანაც.