აქტუალური
ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიით არ ისარგებლებს

oqruaSvili-aqtuaaa3საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ახლახან დასრულდა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად სხვა ბრალდებულების სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე, თუმცა შუამდგომლობა ბრალდებულების ხელახლა დაკითხვასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ იქნა.

აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას არგუმენტი იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა პირებმა კვლავაც შეიძლება სცადონ მიმალვა, უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარემ და დააყენა მესამე შუამდგომლობა – ამჯერად უკვე მოსამართლის აცილების შესახებ, რაც ასევე არ დაკმაყოფილებულა.

პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, თუმცა პოლიტპატიმართა სიის შედეგებით სარგებლობას არ აპირებს, რადგან სურს, აღნიშნული საქმე ბოლომდე გამოიძიონ.

„ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებდა და არ აპირებს აღნიშნული სიით სარგებლობას იმ მიზნით, რომ ამ გზით მოიხსნას სასჯელი, რომელიც მას შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ ან შეიძლება შეეფარდოს მომავალში“, – აღნიშნა კორძაძემ, რომლის შეფასებითაც ეს საქმე კვლავ იძენს პოლიტიკურ ელფერს. „ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რადგან ჩათვალა, რომ მის საქმეს მოეხსნა პოლიტიკური სარჩული და მხოლოდ სამართლებრივი კუთხით მოუწევდა თავისი სიმართლის დამტკიცება. ბოლო დღეებში სიასთან დაკავშირებული მოვლენები მას აფიქრებინებს, რომ საქმე კვლავ იძენს პოლიტიკურ ელფერს, რაც ცუდი და სახიფათო პრეცედენტია“, – განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს, 10.00 საათზე, გაიმართება.