აქტუალური
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პარლამენტში ფოტოგრაფების – ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის – ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოგამოფენა სახელწოდებით „NO PUCTURES – NO DEMOCRACY!“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ფოტოგრაფები ფოტორეპორტიორთა საქმის „მთავარი გმირები“ არიან, რომელთაც თავადაც განიცადეს წინა ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები.„ახალი ხელისუფლების ღირებულებითი და პოლიტიკური პრიორიტეტები არის ადამიანი და ადამიანის უფლებები და მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ასეთი გამოფენა უნდა მოეწყოს არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ ყველგან, ქვეყნის გარეთაც, რათა ყველამ დაინახოს ყოფილი ხელისუფლების ნამდვილი სახე.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 60-მდე ფოტოა წარმოდგენილი. ნამუშევრები 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მანიფესტაციების დაშლას ასახავს. ფოტოგამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება.