აქტუალური
საქართველო-ლიტვა – გაფორმდა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმა

1-gegma-aqtualuuu1საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის მომავალი წლის თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა.

ლიტვის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან დოლიძეს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დოლიძემ ლიტველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ლიტველ სამხედროებს 2013 წელს სამთო კურსებში მონაწილეობა შესთავაზა. ლევან დოლიძის განცხადებით,  გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ტრანსფორმირების კუთხით და საერთაშორისო ოპერაციებში ლიტვის მხარის ლოგისტიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამხედრო უწყებისათვის.

გუშინ საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა ზილვინას ტომკუსმა.