აქტუალური
უსუფაშვილი: „ჩვენ შეიძლება მივიღოთ ყველაზე უკეთესი პარლამენტი საქართველოს ისტორიაში“

1-usufa-aqtuaaa3საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპელ დიპლომატებს – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იაცეკ მიხალოვსკის დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და  ამ ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და საპარლამენტო ურთიერთობის  გაძლიერება იყო.  შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს საპარლამენტო ცხოვრება და კოჰაბიტაციის პროცესი.

როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, მან სტუმრებს დეტალურად გააცნო, თუ რა ხდება პარლამენტში და რა კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტი სერიოზულ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს. „ამისთვის პარლამენტში ყველა პირობაა – უმრავლესობა არის კოალიციური; უმცირესობაში არიან პირები, რომელთაც დაუგროვდა საპარლამენტო და სახელმწიფო საქმიანობის დიდი გამოცდილება. თუ ისინი ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ყველაზე უკეთესი პარლამენტი საქართველოს ისტორიაში, რადგან ხარისხით, ძალთა განლაგებითა  და ბალანსით შესაძლოა, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯებიც გამოგვივიდეს ამ დაძაბულ ვითარებაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში შვედეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის პარლამენტებში საკუთარ საპარლამენტო დელეგაციებს წარგზავნის.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოში სამი ევროპული ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს პრემიერ-მინისტრთან, საპარლამენტო უმცირესობასა და ოპოზიციასთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.