პოლიტიკა
სააკაშვილი სტრასბურგში რეკლამას უწევს ხინკალსა და ხატია ბუნიათიშვილს...

1-saSobao-politikaa3საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სტრასბურგის მერ რონალდ რიესს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო. შეხვედრისას ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სტრასბურგის საშობაო ბაზრობის სპეციალური და საპატიო სტუმარი საქართველოა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ადგილობრივებს ევროკავშირის ქვეყნების გარდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიც გავაცნოთ. წელს ამ ბაზრობაზე ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი, რომლის გაცნობის შემდეგ ევროპელებს კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდებათ საქართველოს მიმართ. წლევანდელ გამოფენას საქართველოს ელჩი მასპინძლობს და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ წელს პირადად ვესტუმრო თქვენს ქვეყანას“, – აღნიშნა რონალდ რიესმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერთან სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია. საქართველოს კვირეულის გამართვა შარშან მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტისას დაიგეგმა, რომელიც საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს, კერძოდ, ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს (გახსოვთ, პატივცემულო მკითხველებო, თეთრი როიალი ანაკლია-განმუხურის ახალ ხიდზე, რომელიც მეორე დღეს ჩამოიშალა?)

საახალწლო ბაზრობის დათვალიერების  შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე სტრასბურგში და იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა.

„2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას   მოვახდენთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის მეთოდმა ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.