აქტუალური
პრეზიდენტის ფონდი მედიასა და არასამთავრობო სექტორს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს

1fondi-sazogadoeeee3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო 10-მილიონიანი ფონდიდან მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს 1 მილიონი ლარი საგრანტო პროგრამით დაფინანსებისთვის გამოეყოფათ. 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულება, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, ითვალისწინებს ამ პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევას კონკურსის საფუძველზე.

ბრძანებულების თანახმად,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე  ნინო კალანდაძე, ხოლო ამავე კომისიის წევრები არიან: ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია და ნატალია ყანჩელი.

კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. ბრძანებულება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

„სააკაშვილი რომ ახლა გახდა თავისუფალი მედიის დამცველი, სასაცილოა. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იმედს“ შორის ის პარალელს ავლებს და, შესაბამისად, ახლა მისი მხრიდან თანხის გამოყოფა თავისუფალი მედიისთვის ანეკდოტურია“, – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერმა ივანიშვილმა პრეზიდენტის აღნიშნულ ბრძანებულებას სასტუმრო „ამბასადორში“ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, ყველამ ჩინებულად იცის, თუ როგორი მდგომარეობა იყო მედიის კუთხით საქართველოში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.