აქტუალური
სააკაშვილი მზადაა, დაცვაზე უარი თქვას

1-dacva-saakaსაქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მოგზაურობას გააგრძელებს და ხალხს დაცვის გარეშეც შეხვდება. ეს განცხადება ქვეყნის მეთაურმა გუშინ, 19 დეკემბერს, ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა, სადაც შეკრებილმა ხალხმა პრეზიდენტის კორტეჟს ქვები დაუშინა.

„ვერავინ ვერ ეღირსება, რომ მე ამაღებინოს ხელი სიარულზე, უფრო მეტიც, ყოველდღე ვივლი ხალხში, მე არაფერში არ მჭირდება არც დაცვა, არც ბრონირებული მანქანები, არც ვერტმფრენები. ყველაფერი შეუძლიათ წაიღონ. ფეხით ვივლი. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ყველგან მიმესვლება!“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს, როცა პრეზიდენტმა ქუთაისში თავისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი მოინახულა, ოფისიდან გამოსასვლელი გადაუკეტეს ანტისაპრეზიდენტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სააკაშვილის ვადამდე გადადგომას მოითხოვდნენ. პრეზიდენტი ოფისიდან დაცვამ გამოიყვანა, თუმცა ქუჩაში შეკრებილებმა მის კორტეჟს ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილენი, ასევე, თავს დაესხნენ სააკაშვილის თანამოაზრეს, დეპუტატ აკაკი მინაშვილს და  ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მას „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

თავის მხრივ,ს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში პრეზიდენტის კორტეჟზე თავდასხმის კომენტირებისას სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, „დროულად გამოიძიონ ინციდენტი“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში პრეზიდენტ სააკაშვილის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდა, რასაც ხელი შეუწყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებამ და მთავრობის შეცვლამ ქვეყანაში.