აქტუალური
ივანიშვილი: „ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები და პრინციპულები რუსეთთან მიმართებაში“

1-bizina-RuseTiსაქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში „შერატონ მეტეხი პალასში“ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრისათვის აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა. პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ ხვდება.

„რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკანაც რომ წაიღოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი იოლი მაინც არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ივანიშვილმა, ასევე, ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესიც რთული იქნება, რადგან ჩიხში შესვლა ყოველთვის ადვილია, გამოსვლა კი – ძნელი. ამასთან, მან მოსკოვში პუტინის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს „ფრთხილი“ და „პოზიტიური“ უწოდა.

„ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები და პრინციპულები რუსეთთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთის პრეზუდენტის პრესკონფერენციას და საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, მე ვფიქრობ, რომ პუტინი იყო ფრთხილი და პოზიტიური, რაც მისასალმებელია. უფრო საინტერესოა 2-3 დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ სავაჭრო ურთიერთობები შეიძლება შეუზღუდავად აღდგეს საქართველოსთან და კომერციულმა სტურქტურებმაც დაიწყეს უკვე მოძრაობა რუსეთის მიმართულებით. როგორი იქნება პერსპექტივა, საკმაოდ რთულია თქმა, ისევე, როგორც ადრე ვაცხადებდი, თუმცა, ძალიან მისასალმებელია ის პოზიტიური გამონათქვამები და ნაბიჯები, რაც მოხდა რუსეთის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ ისეთივე პოზიციაში ყოფნას – მხედველობაში მაქვს, რომ წარმომადგენელი დავნიშნეთ, პაუზებს ვაკეთებდით და არა რეაქციას ზოგიერთ არასასიამოვნო გამონათქვამზე, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. მოთმინებით განვსჯით იმ რთულ პროცესებს, რომლებშიც ეს ორი ქვეყანა აღმოჩნდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.