პოლიტიკა
ქართული დელეგაცია ბაქოში იმყოფება

1-baqo-politikaa1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეებს შორის მთავარი განსახილველი თემა, სავარაუდოდ, გაზის ტარიფი და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა იქნება.

ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს წინ უძღოდა კრიტიკული განცხადებები ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის გადახედვასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებას აზერბაიჯანში მმართველი პარტიიდან გამოეხმაურნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს ცვლილებები არ შეეხება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. დღესვე დაგეგმილია დელეგაციების გაფართოებული შეხვედრები.

აზერბაიჯანის ნავთობის კვლევის ცენტრის დირექტორ ილჰამ შაბანის განმარტებით, რთულია გაზის ფასის ზრდის ან შემცირების წინასწარ განსაზღვრა, რადგან დაწესებული ფასი მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგია. „ფასი, რომლითაც აზერბაიჯანი საქართველოს აწვდის გაზს, როგორც საქართველოს პრემიერმა აზერბაიჯანში გამოფრენამდე განაცხადა, საქართველოსთვის ხელსაყრელია. ფაქტობრივად, დღეს მსოფლიოში გაზის მიყიდვის მსგავსი ფასი არ არსებობს, ამიტომ მას ეწოდება სოციალური გაზი. საქართველოში გაზის ნახევარი სწორედ სოციალურია. ის, რომ ქვეყნის შიგნით ფასი მაღალია, ეს უკვე სხვადასხვა ფაქტორების – შიდა განაწილების ბრალია და არა აზერბაიჯანის“, – აღნიშნა შაბანმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაჭრას. თუმცა ტარიფების გადახედვა არ ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას, რადგან ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი კონტაქტებია: „თუ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაზის ფასი გადაიხედება, არც ეს შეიძლება განვიხილოთ ურთიერთობების გამწვავების კონტექსტში, რადგან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მხოლოდ ამ მიმართულებებით არ განისაზღვრება“.