პოლიტიკა
ივანიშვილი: „სადემარკაციო ხაზებს გავავლებთ ყოველგვარი დიდი სკანდალის გარეშე“

1-baqo-politika2საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბაქოში გუშინ გაემგზავრა დელეგაციის წევრებთან ერთად და რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის, პირისპირ ესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
შეხვედრებზე ბუნებრივი აირის ტარიფი და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საკითხები განიხილებოდა, თუმცა ცნობილია, რომ მხარეებმა საზღვრის დემარკაციის, მათ შორის, დავითგარეჯის მონაკვეთის პრობლემებზეც იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უკვე ჩატარებული შეხვედრები ყველანაირ საფუძველს იძლევა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებული კითხვები, დამოკიდებულება, ურთიერთობა  ორი მხარის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება და შედეგიც  დადგება. „დავიწყებთ ამ პროცესებს, ჯგუფები იმუშავებენ ორივე მხრიდან და ჩვენ მოვახერხებთ და სადემარკაციო ხაზებს გავავლებთ ყოველგვარი დიდი სკანდალის გარეშე“. მისი თქმით, კამათი სავარაუდოდ, შედგება, რადგან კამათი ნებისმიერ ოჯახშიცაა, რაც ნორმალური პროცესია, თუმცა, მისი აზრით, „სახელმწიფოებს შორის არსებული დამოკიდებულება ყოველგვარ საფუძველს გვაძლევს, რომ მოვახერხოთ და უნდა დავიწყოთ“.

როგორც ივანიშვილმა განმარტა, აზერბაიჯანთან სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებული პროცესი „ჩვენი მხრიდან განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, არის მივიწყებული, აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი საზღვრები, კარგად ვიცოდეთ და ვერკვეოდეთ ამაში და აუცილებლად გავაკეთებთ“. მისი თქმით, შეიძლება რაღაც ეტაპზე ეს პროცესი დროში გაიწელოს, თუმცა მომავალში აუცილებლად გააიოლებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.