აქტუალური
სერჟანტთა საკარიერო კურსებზე 157 სამხედრო მომზადდა

gamoSveba-aqtuaa1საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. სერჟანტთა მომზადების სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტ-კაპრალთა შემადგენლობის საკარიერო კურსები დასრულდა. ძირითადი სასწავლო კურსი 99-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, ოცეულის სერჟანტის კურსი კი – 58-მა სამხედრომ. თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ სასწავლო კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. ირაკლი ალასანიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და სამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა. ჩვენს დიდ ოჯახს შეემატა სერჟანტთა ძალიან ძლიერი კორპუსი. ხერხემალი ჩვენს შეიარაღებულ ძალებში სწორედ თქვენ ხართ. სერჟანტებზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად მომზადებული იქნება ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალები იმ გამოწვევებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას წინ აქვს. 2013 წელი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყების წელი იქნება სამხედრო შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროში. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ დავიწყებთ გრძელვადიანი განვითარების გეგმის განხორციელებას. სამხედრო შეიარაღებულ ძალებში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარების წელი იქნება, ასევე, ავღანეთიდან დაბრუნებული ჩვენი გმირების მიერ მიღებული გამოცდილების დანერგვის და გაზიარების წელი. 2013 წლიდან დაიწყება რეალური ზრუნვა ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ზურგს გიმაგრებთ და თქვენს ოჯახებზე ზრუნავს სახელმწიფო. თქვენ შეგეძლებათ გულდამშვიდებით გააგრძელოთ სამშობლოსთვის ღირსეულად სამსახური, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სერჟანტთა მომზადების სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, ფიზიკური და სამეთაურო მომზადება გაიარეს. მათ, ასევე, შეისწავლეს ბრძოლა ტყეში და დასახლებულ პუნქტებში, დაეუფლნენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს. „ძირითადი სასწავლო კურსის“ მონაწილეებმა სწავლება შემაჯამებელი კომპლექსური წვრთნით დაასრულეს. საკარიერო კურსების დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები და კაპრალები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.