აქტუალური
უსუფაშვილი: „ხელს არ ვახლებთ პრეზიდენტის არცერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა“

usufaa-aqtuaa3საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე აცხადებს, რომ იმ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ეხება პარლამენტის ვადაზე ადრე დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაზეც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, კოალიცია „ქართული ოცნება“ ასრულებს მთავარ დანაპირებს – ძალაუფლება ხალხს!

უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობის მიერ ინიცირებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დღეს შევა პარლამენტში.

გარკვეული დრო დაჭირდა, რომ ძალიან ბევრი რამ გამხდარიყო აშკარა, მტკიცებულებებით გამყარებული, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს ეტაპი დასრულდა რეჟიმი სრულად არის გაშიშვლებული, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტუტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ მომენტში უაპელაციოდ დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და შემდეგ, თუ სამჯერ არ დაამტკიცებს პარლამენტი მიერ შეთავაზებულ მთავრობას, მაშინ თვითონ დანიშნოს.

ეს ნიშნავს, რომ ერთ კაცს ეძლევა უფლება, იგნორირება გაუკეთოს მოსახლეობის ნებას და ჰქონდეს გამართლება, რომ კონსტიტუცია მას ამის უფლებას აძლევს, – განმარტავს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს არა აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება პირველი ექვსი თვის განმავლობაში. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუკი პრეზიდენტი ამ ექვსთვიანი ვადის გასვლამდე დანიშნავს მთავრობას, შემდეგ, ახალ – პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, ჩაატარებს უკვე ახალი, სააკაშვილის მიერ დანიშნული მთავრობა.

მისივე თქმით, ორი გზით შეიძლება ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა. ერთი – რომ 2010 წელს კონსტიტუციაში შესული ცვლილება, რომლითაც საპარლამენტო მართვის მოდელზე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადის საქართველო, ამოქმედებულიყო ვადაზე ადრე.

მაგრამ აქ გამოჩნდა ასეთი ვითარება, რომ თითქოს ახლადმოსული მთავრობა ცდილობდა წაერთმია ყველაფერი პრეზიდენტისთვის და ასე წარმოაჩენდნენ ოპონენტები ამას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა, რომ მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართელოს მთავრობა, ქართველი ხალხის ნების გარეშე, რომელსაც გამოხატავს პარლამენტი, – აცხადებს უსუფაშვილი.

ამდენად მმართველი კოალიცია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მეორე გზას ირჩევს – პრეზიდენტს მიეცეს პარლამენტის ექვს თვემდე ადრე დათხოვნის უფლება. ამ შემთხვევაში ინიშნება პარლამენტის ვადამდელი არჩევნები, მხოლოდ არჩევნებს ატარებს მოქმედი, ანუ ივანიშვილის მთავრობა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამ ინიციატივიდან გამომდინარე, კოალიციაში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შეჩერდეს ყველა იმ კანონპროექტის მიღება დღეს წარდგენილი ფორმით, რომელიც პრეზიდენტს გარკვეულ უფლებებს ართმევს და გადადის მთავრობის კომპეტენციაში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის გამო არ იქნა გუშინ მიღებული სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტიდან მთავრობის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო ეს სამსახური.

„მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და პრეზიდენტს ვეუბნებით – დაიტოვე, რაც გჭირდება დასაცავად“, – აცხადებს უსუფაშვილი.