აქტუალური
ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტი საქართველოში გადმოასვენეს

jariskaci-aqtuaa1საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედარი გუშინ ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი გიორგი კიკაძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, გიორგი კიკაძის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის, სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. გიორგი იყო გამბედავი და ვაჟკაცი ბიჭი. ის მეორედ იყო ავღანეთში და სწორედ გამბედაობით გამოირჩეოდა. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ მის ოჯახს, ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ ის დიდი ტრაგედია, რაც თავს დაატყდათ, გადავატანინოთ. ჩვენ მეტი სიფრთხილით და სამხედრო პროფესიონალიზმით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა საერთაშორისო ოპერაციებში, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. თავდაცვის სამინისტრომ და გაერთიანებულმა შტაბმა სპეციალური ჯგუფი შექმნა ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა, 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გარდაცვლილი იპოვეს.