პოლიტიკა
Today’s Zaman: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას ცდილობს“

saaka-ivaniS-politika1საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ინგლისურენოვანი გამოცემა „Today’s Zaman“ პუბლიკაციაში – „იცვლება თუ არა პოლიტიკის ღერძი საქართველოსა და სომხეთში“ – წერს: საქართველო ვალშია სააკაშვილთან თავისი ევროატლანტიკური ვექტორის გამო. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, სააკაშვილი განაგრძობს პოზიტიური პროდასავლური მესიჯების გაგზავნას“.

სტატიაში ნათქვამია, ასევე, რომ „ამ კონტექსტში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნისთვის ვიტალური მნიშვნელობისაა და კავკასიის რეგიონზე მთლიანად დიდ გავლენას იქონიებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ბიძგები, რომლებიც საინტერესო იქნება თურქეთისთვის და შეიძლება გააჩინოს ბზარები გეოპოლიტიკურ ბალანსში“.

გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ივანიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერისავე განცხადებით, საქართველო მთლიანად უჭერს მხარს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. იგი მზადა აფხაზეთის რკინიგზის გასახსნელადაც.

სტატიაში, რომლის ქართული ვერსია „ფორინპრესმა“ გამოაქვეყნა, ნათქვამია, აგრეთვე, რომ მას შემდეგ, რაც ორი ქვეყანა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდა, „რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდება თანდათან და თუ ტენდენცია გაგრძელდება, მათ შეიძლება შეცვალონ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული განწყობები“.

რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას სოჭის ოლიმპიური თამაშებისა და აფხაზეთის რკინიგზის მიმართ, ეს მხოლოდ სომხეთს ახარებს, სამაგიეროდ, აშფოთებს რეგიონის სხვა ქვეყნებს – აზერბაიჯანს, თურქეთსა და აფხაზეთს, რაც „იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს განზრახული აქვს რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ადმინისტრაციების განაწყენების ხარჯზე“.