პოლიტიკა
ტენ ბრუკის შეხვედრები საქართველოში

petriaS-politika3საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტენ ბრუკი ვიზიტის მეორე დღეს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა  ჰოლანდიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გამყარება იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სწრაფვაზე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. გარდა ამისა, საუბარი უსაფრთხოების, თავდაცვისა და ავღანეთში საქართველოს მონაწილეობის საკითხებსაც შეეხო. პეტრიაშვილის განმარტებით, მან სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მისიაში ჰოლანდიის მონაწილეობისათვის.

ჰოლანდიელი სტუმრის განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი აქვს და ჰოლანდია ყოველთვის იყო განსაკუთრებული მხარდამჭერი საქართველოს სწრაფვისა ევროპული პერსპექტივებისაკენ. იმედია ბრიუსელში გადაწყვეტენ, რომ საქართველო არის კარგი ადგილი ნატოს ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის გასამართავა, – აღნიშნა ბრუკმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს 7 იანვარს ეწვია. ბრუკი უკვე შეხვდა საპარლამენტო უმცირესობის წევრ დავით დარჩიაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძეს .