აქტუალური
თავდაცვის უწყების მეტი გამჭვირვალობისათვის

tavdacv-aqtualuu1საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის უწყების გამჭვირვალობაზე მომუშავე ჯგუფთან გუშინ პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მინისტრის მოადგილეები ლევან დოლიძე, თამარ ქაროსანიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მიზანი თავდაცვის უწყების მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად არასამთავრობო სექტორისთვის სამომავლო მექანიზმების გაცნობა იყო. გადაწყდა, რომ თანამშრომლობის ფორმატში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვება. თავის მხრივ, ჯგუფის წევრებმა უწყების ხელმძღვანელობას თავდაცვის სამინისტროს ტრანსპარენტულობაზე საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს და სამინისტროს გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციები მისცეს.

თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობაზე მომუშავე ჯგუფში ამ ეტაპზე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და მედიაკოალიცია.

არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს გადაწყდა. შეხვედრები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან რეგულარულად იმართება. შექმნილია სამუშაო ჯგუფები ოთხი მიმართულებით: საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეფორმების, თავდაცვის ტრანსფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ნატოში ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები. ყველა სამუშაო ჯგუფს კურატორი მინისტრის მოადგილე უწევს ხელმძღვანელობას.