სამართალი
სიმართლისთვის ბრძოლა ახალ ეტაპზე გრძელდება

1-samarTl-samartalii2საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პროკურატურას თხოვნით მიმართავს, რამდენიმე საქმეზე მოიხსნას „გრიფით საიდუმლო“. ეს საქმეებია: ენვერის სპეცოპერაცია, კიღურაძის საქმე და სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას საქმე.

როგორც პოლიტპატიმრებად აღიარებულებმა, ამ საქმეებში მსჯავრდებულმა პირებმა 13 იანვარს დატოვეს საპატიმროები ამნისტიის კანონის პირველი ეტაპის განხორციელების საფუძველზე.

როგორც თავად აცხადებენ, მათი საქმეები ხელოვნურადაა შექმნილი და როგორც კი „გრიფით საიდუმლო“ მოიხსნება, სამართლებრივი ბრძოლის მორიგ ეტაპზე გადავლენ.

ვახტანგ მაისაია,  რომელმაც, მისივე თქმით, „გაიარა ის ჯოჯოხეთი, რასაც ჰქვია მიშა სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკი“, მისთვის წაყენებულ ნატოს სპეცსამსახურებთან ჯაშუშობის ბრალდებას ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზეც გაასაჩივრებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც უკანონო განაჩენი გამოიტანეს. „მე მინდა, მივმართო პროკურატურას, რომ მოეხსნას ამ საქმეებს „გრიფით საიდუმლო“, პრინციპში, არაფერი გასასაიდუმლოებელი მანდ არ იყო. საზოგადოება ღია და საჯარო დისკუსიების დროს დარწმუნდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა ჯაშუშებთან, არამედ წინა ხელისუფლების, სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მიერ დადგმულ ძალიან უნიჭო, უგემოვნო პოლიტიკურ სპექტაკლთან, რომლის მონაწილეებადაც აქციეს ადამიანები, მსხვერპლნი, ჯაშუშობით ბრალდებულნი“, – აცხადებს ბესელია.