სამართალი
კბილაშვილი: „მიიღეთ როგორც ერთ-ერთი მტკივნეული ფაქტი იმ ავადმყოფური ყოფისა, რომელშიც ჩვენ ვიყავით“

1-kbilaSv-samarTali1საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. გასულ კვირას პროკურატურის მიერ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა და მათმა უფლებადამცველებმა განცხადება გაავრცელეს, კბილაშვილის უწყებასთან აქცია მოაწყვეს და მთავარი პროკურორისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს.

ამ ფაქტს „რუსთავი 2“-იც გამოეხმაურა „პოსტსკრიპტუმში“, სადაც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება დღევანდელ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში შანტაჟით, ცემით, მოსყიდვით, ადამიანებს აიძულებდა ეკეთებინა ის, რაც ეწინააღმდეგება ყველაზე სუფთას. მისი თქმით, ამ შემთხვევაში პროკურატურამ ვიდეომასალის გამოქვეყნებით მკურნალის, სარკის როლი შეასრულა, და საზოგადოებას აჩვენა მისი სახელმწიფოს სახე. კბილაშვილის განმარტებით, „ნუთუ შეიძლება ამ ავადმყოფობის გამოვლენისთვის ვინმემ ბოდიში მოიხადოს? რისთვის, რომ ავადმყოფობა წარმოვაჩინეთ?“

ამასთან, მან ისაუბრა პროკურატურის ხელთ არსებული უამრავი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცისა და მონაცემის შესახებ, რომელთა უბრალოდ გაფიქრება ადამიანს შეზარავს. „პოსტსკრიპტუმში“ მან ახალი ფაქტებიც დაასახელა, რომელთა შესახებაც, როგორც მთავარი პროკურორი, ინფორმაციას ფლობს და მიმდინარეობს შესწავლა: „წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას, როდესაც ყელამდე ადამიანს მიწაში ფლავენ და მის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ ... ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და მინდა, ვთქვა, რომ ავადმყოფური ქცევის ფანტაზიის სასრული აქ არ არის... ჩვენ საოცრად არაადეკვატური, არაპროგნოზირებადი და  ძნელად განსაჭვრეტი რეალობის მხილველები ვართ, როდესაც ამ ყველაფერს ვაწყდებით, მაგრამ უკვე გაკვირვების სიმპტომიც კი გვიქრება, რამეთუ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენ გვერდით, ჩვენს სახელმწიფოში“.

გადაცემაში საუბრისას მან აღნიშნა, რომ თავის დროზე, გამოძიების პოზიციებიდან გამომდინარე, თუ ჩაითვლება საჭიროდ, ეს ფაქტებიც გაცხადდება, „მაგრამ ის, რაც გითხარით, მიიღეთ როგორც ერთ-ერთი მტკივნეული ფაქტი იმ ავადმყოფური ყოფისა, რომელშიც ჩვენ ვიყავით“.