აქტუალური
ვანო მერაბიშვილი: „საქართველო დგას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე“

1-vano-aqtuaa2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა , რომ „საქართველო დგას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე“ და ჟურნალისტებს განსხვავებულ ფორმატში წარუდგინა  კონკრეტული ციფრები და მონაცემები.

როგორც თავად აღნიშნა, წინა სამშაბათს ჩატარებულ ბრიფინგზე მან განცხადება გააკეთა  საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით და დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნაც გამოთქვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განცხადებას იმავე დღეს უპასუხეს. ხადურმა მერაბიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებში მონაწილეობაც შესთავაზა, თუმცა მეორე მხარის უარის გამო დებატები არ შედგა.

მერაბიშვილის განცხადებით, საგანგაშო ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები „ნაციონალური მოძრაობის“ ექსპერტებმა სხვადასხვა წყაროდან შეაგროვეს. ამასთან, მერაბიშვილი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს საგანგებო ზომები, რათა „ეს კრიზისი, რომელიც უკვე დაწყებულია, არ გაღრმავდეს და საქართველო არ დადგეს სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე“.

„ნაცმოძრაობის“ გენმდივნის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთიანი მკაფიო გეგმა არ აქვს – დღეს ქართველმა ბიზნესმენმა, მეწარმემ, ფერმერმა არ იცის, რა არის საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტები, საით, რა მიმართულებით განვითარდება ხვალ ქვეყანა. მისი თქმით, „საქართველოსნაირ ქვეყანაში აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურისა და სხვა პროექტების განხორციელება, რათა სახელმწიფო ინვესტიციების შემდეგ იქ მივიდეს კერძო ბიზნესი“. მან ყურადღება გაამახვილა შემოსავლებთან დაკავშირებით აღდგენილ მავნე პრაქტიკაზეც, რომ ადგილი აქვს მეწარმეთაგან წინასწარ გადახდებს. მისი თქმით, მსგავსმა ფაქტებმა თუ სისტემატური ხასიათი მიიღო, ეს დამღუპველი იქნება ეკონომიკისათვის.