პუბლიკაციები
მარინა კაჟაშვილი: „ვფიქრობ, ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნები არ დაგვჭირდება“

1-analitNEW-kazhaSსაქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებელმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექს-მინისტრმა მარინა კაჟაშვილმა საქინფორმს თავისი წერილის გამოქვეყნების თხოვნით მომართა, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

„საქარველოში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხის ყურადღება საგრძნობლად მიიპყრო და, ალბათ, სულ მალე მსოფლიო მასმედიის ეპიცენტრშიც აღმოვჩნდებით, არადა, დიდად არ მქონდა ამის სურვილი,რამეთუ ბევრად მისაღები იქნებოდა, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები ჩვენვე მშვიდად, ჩვენსავე ხალხთან ერთად ხმაურის გარეშე მოგვეგვარებინა,რამეთუ ამის საკმაო პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს პოზიციასაც და ოპოზიციასაც.

23 წლის დევნილობის სტატუსმა, ასევე,  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა და უსამართლო პროცესებმა პოლიტიკაში ხელახლა ჩამაბა.

ოცდასამი წელი თითოეული დილა თენდებოდა იმ იმედით, რომ ჩვენს კერიას უნდა დავბრუნებოდით, მაგრამ – ამაოდ... ეს იმედი საბოლოოდ ჩაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც ტკივილს ტკივილი დაემატა, ტრაგედიას – ტრაგედია, მსხვერპლს – მსხვერპლი და ზარალს – ზარალი, რომელმაც პოლიტიკური სიტუაცია გამოუვალ ჩიხში შეიყვანა და წლებით უკან ჩარჩენილების ეპოქაში გადაგვაგდო მათი ხელით, ვინც „ჩარჩენილებს“ უწოდებს საკუთარ ხალხს!

ვინ მოიფიქრებდა, რომ ნახევრად უკვე დაწყობილ ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ისევ დიდი ბზარი გაჩნდებოდა!

ხშირად ვფიქრობ – რატომ? რისთვის? მე ხომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელი ქურთა, ევროსტანდარტების შესაფერისად აშენებული, ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე 6 თვით ადრე  დავტოვე. რა მოხდა ისეთი, რომ მოწმენდილ ცაზე უცებ ასეთი ცივილური მასშტაბების ომი შედგა; ომი, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიო დიდი პოლიტიკის შეცდომა იყო, რამეთუ მისი თავიდან აცილების  უამრავი საშუალება არსებობდა, მაგრამ ეს გამოიწვია ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდა არადიპლომატი  პოლიტიკოსებისა და მრჩევლების მოსვლამ, რომლებიც დღესაც ურცხვად სკამებისათვის იბრძვიან!

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ის კითხვაც უსუსურად და ბოლოხარისხოვნად მეჩვენება, თუ ვინ დაიწყო ომი – სააკაშვილმა თუ რუსულმა მხარემ? –  ჩემთვის არაფრისმთქმელი კითხვა, რომელზეც აიგო ტალიავინის კომისიის მრავალგვერდიანი დასკვნა.

მე კი ამ ომთან მიმართებაში დღემდე სულ სხვა კითხვა მიჩნდება. რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები იმ დიდმა სახელმწიფოებმა, ვინც თითქოსდა ჩვენს მოსატყუებლად ზურგს უმაგრებდა ჩვენს პრეზიდენტს? რატომ დაუშვეს ეს ომი? როგორ არ შეეძლოთ ამ ომის შეჩერება?

ამ ომში ჩადებული ხარჯებით ბევრად უკეთესი საქმის გაკეთება შეიძლებოდა... აეშენებინათ ერთი დიდი ფაბრიკა ან ქარხანა საქართველოში, სადაც დასაქმდებოდა ჩვენი ხალხი, მოეძებნათ ჩვენს კეთილისმსურველ უცხოელ სახელმწიფოებს საქართველოში შექმნილი პროდუქციისათვის სარეალიზაციო ევროპული ბაზარი და ხელი შეეწყოთ ქართული  ოჯახების ძლიერებისა და გამრავლებისათვის, რომელთა 70% დანგრეულია ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.

სწორედ რომ ამ ომში მოტყუებულ ჩვენს პრეზიდენტზე თქვა უარი ქართველმა ხალხმა, რომელიც დარწმუნდა მის წინდაუხედავ დიპლომატიასა და პოლიტიკაში, უარი განუცხადა მის მიერ დანერგილ „გათიშე და იბატონეს“ პრინციპს, ასევე, ქვეყანაში გამეფებულ მცირე ჯგუფის უზურპაციას, რაც მან თავს მოახვია ხალხს და ქართული კანონმდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში გადაიზარდა.

საქართველოს პრეზიდენტს ორი საპრეზიდენტო ვადით არჩევის უფლებამოსილება  ამოეწურა! ჩემთვის, როგორც 23 წლის ვეტერანი დევნილისათვის, გაუგებარია, რისთვის? რა დამსახურების ფონზე გაიხანგრძლივა ათი თვე? რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა წლებია, აღარ გვიდგას? რომ საქართველოში სიღატაკემ არ დაისადგურა? რომ საქართველოში ქართველი ვაჟკაცის ღირსება არ შეილახა? რომ საქართველოში ქართველი კდემამოსილი ქალის მანდილი არ შეიბღალა? რომ ემიგრანტთა რიცხვმა არ იმატა? რომ ციხეებში არ გამოიკეტა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 30 000 ახალგაზრდა კაცი, რომელთაც ქართული ტრადიციული ოჯახები უნდა შეექმნათ? რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს გულმა – ქართლმა, მხოლოდ  დიდი და პატარა ლიახვის ხეობასა და ფრონის ხეობაში 30-მდე ქართული სოფელი დაკარგა ( ქემერტი, ძარწემი,კეხვი, ქურთა, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, ხეითი, ერედვი, ბერულა,არგვიცი, ვანათი, ბელოთი,ზონკარი ,კორკულა,კოშკები, ქსუისი ,დმენისი, აწრისხევი, საცხენეთი, ნული,ავნევი, მამისაანთუბანი, ერგნეთისა და დვანის ნახევარი და სხვა, ახალგორის სოფლების ჩამოთვლით განწყობას არ დაგიმძიმებთ)?

პრეზიდენტს, ალბათ, დიდ წარმატებად მიაჩნია ამ ყველაფრის ფონზე ის, რომ აგვიშენა ხიდები, გზები, შადრევნები და სამჯერ დეპუტატის მანდატით დააჯილდოვა ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და ძმანნი მისნი და ამ ფონზე ჩვენ წლებია, უმუშევრები ვართ! უფრო მეტიც, „იუსტიციის სახლის“ შექმნის იდეაც მომპარეს.

საინტერესოა, რის მიხედვით შეარჩია ასეთი კადრები – დიდი პატრიოტიზმით თუ ბრძოლაში თავდადებით? აი ის უამრავი კითხვა და ბოღმა, რაც ხალხში დაგროვდა.

მე კი, როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, 2006 წლის სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი სოფელ ერედვში (ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა), ასევე, დღეს ქართულ-ოსური მისიის დამაარსებელი საქართველოში, რომელმაც დიდი და რთული ტვირთი ვითავე, არ შემშვენის და ეს არც ჩემს ხასიათში ჯდება, რომ შუღლი გავაღვივო თვით ჩემს ძმებს – ქართველებს, შორის.

სწორედ ამის გამო მაქვს სურვილი, რომ პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯი გადადგას და დატოვოს პოსტი, იმისათვის, რომ წლების შემდგომ მისი ისტორია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, მისთვის, მისი შვილებისათვის, შვილიშვილებისათვის და, საერთოდ, ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნაკლებად მძიმე წასაკითხი იქნეს.

ამავე დროს, ვფიქრობ, პრეზიდენტის გადადგომა 20 იანვრამდე თუ მოხდებოდა,  ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სრულიად საქართველო მისი რეზიდენციის წინ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას  და ესეც მისი, მის უკან მდგომებისა და მის მიერ გატარებული იდეოლოგიისა და კურსის კრახის მაჩვენებელი არ ყოფილიყო მსოფლიოსათვის!

მე მწამს, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ფესვები მიდის იმ ვაჟკაცური ქალაქისაკენ, რასაც გორი ჰქვია, ვფიქრობ, თავის ვაჟკაცობას, ღირსებას არ გაცვლის პრეზიდენტის „აბრეშუმ-ფარჩა-ატლასსა და ოქროს ტახტზე“!

ნუ დაგვიტოვებს შანსს ალტერნატიული  საპრეზიდენტო არჩევნების  ჩატარებისათვის, რომელიც მისი ხელისუფლებისა და მმართველობის ეპოქის აპრობირებული მეთოდი იყო, რომელიც დღემდე სამართლიანად მიაჩნია (შეხსენებისათვის: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი, 2006 წლის 12 ნოემბერს ავირჩიეთ 4 წლის ვადით! ახლა რომელი წელია?).

თუმცა, ამ გზის გავლა ნამდვილად არ დაგვჭირდება, რამეთუ ბევრად სამართლიანი გზა არსებობს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლების კანონიერ ჭრილში.

ჩვენს ამბიციებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას, ქართველობას, ჩვენს ძმობას, ნათესაობასა და მეგობრობას, ჩვენ ერთნი ვართ და ნუ ვეცდებით მავანნის წისქვილზე წყლის დასხმას.

ნუ დაგვავიწყდება, რომ „ძალა ერთობაშია“', გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებულობისა და დაქსაქსულობის გაერთიანებისაკენ...

გათიშულობა წლების წინ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დაიწყო, ახლა სამეგობრო, სანათესაო, საახლობლოში გადმოინაცვლა და ძალიან გთხოვთ, წინ აღვუდგეთ, რათა ამ გათიშულობამ და დაპირისპირებამ  ოჯახებში არ მოგვიკაკუნოს! გამოვფხიზლდეთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ კონსულტაციები ტრადიციული ცხოვრებისკენ, პირიქით, უძველესი კულტურის მქონე ქართველი ხალხისაგან მიიღონ!

მინდა, ოპოზიციის მხარდამჭერებს მოკრძალებით გავუმხილო, რომ ჩვენ ბევრად უკეთესი საქართველოს შენება გვინდა, ვაპირებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, თქვენც რომ ოცნებობდით  და ამის საშუალება არ მოგეცათ, მე ისიც ვნახე და ამასაც ვხედავ...

სამწუხაროდ, ჩვენს პრზიდენტს ბევრი რამ და ვინმე დაავიწყდა თუ დაავიწყეს, საკითხავია... დაავიწყდა მისი მოსიყვარულე ერი, ხალხი, რომელმაც გულში ჩახუტებული მოიყვანა ქვეყნის სათავეში, თუმცა, ამის საპასუხოდ აუარებელი დასჯა ვიგემეთ; დასჯა, რომელსაც თითოეული  ჩვენგანი მიწისძვრის ბიძგებივით ყოველდღიურად  დღემდე ვგრძნობდით და ამ დავიწყებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვა...

ჩემო ქართველებო, ჩვენს „ერთსულოვნებას“ ნუ გაგვინაწყენდებით, პრეზიდნტს „დრომ და ისტორიამ“ მოუგო და არა – ჩვენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ დროისა და ისტორიის წინაშე ყველა ჩვენგანი უძლურნი ვართ!

ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ აღმართს დაღმართი მოსდევს, ბნელს – სინათლე და...

მარინა კაჟაშვილი,
„ქართულ-ოსური მისიის“ დამფუძნებელი