აქტუალური
„Gulf“ ბოდიშს იხდის!

1-gulf-aqtuaa2საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! შეგახსენებთ, რომ ა.წ. 30 იანვარს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ცნობა „ავტომფლობელთა საყურადღებოდ: დროებით თავი შეიკავეთ „GULF“-ის „super“ მარკის ბენზინის ჩასხმისაგან!“

ჩვენი სააგენტო, როგორც ყოველთვის, ამ დროს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, თანაც – აბსოლუტურად უანგაროდ, კომპანია „Gulf“-ის ინტერესებზეც იზრუნა და თავიდან ააცილა ავტომფლობელებისთვის კომპენსაციის გადახდა მათი ავტომობილების ძრავების შესაძლო დაზიანებისთვის არასტანდარტულად მაღალი ოქტანობის „supper“ მარკის ბენზინის პარტიით.

ამის შემდეგ, გუშინ, 31 იანვარს, ჩვენდა გასაოცრად, საქინფორმის ელექტრონულ ფოსტაზე saqinform@mail.ru შემოვიდა მრისხანე წერილი, რომელსაც მოჰყვა უამრავი ზარი რედაქციაში კომპანია „Gulf“-ის ვიცე-პრეზიდენტის და, ერთდროულად, მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის დირექტორის, ქალბატონი ნინო ჯიბლაძისგან, რომელმაც საქინფორმი შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში და ამით კომპანია „Gulf“-თვის დიდი ზარალის მიყენებაში დაადანაშაულა. აღშფოთებულმა ქალბატონმა ჯიბლაძემ კატეგორიულად უარყო „Gulf“-ის გასამართ ავტოსადგურებზე გამოყენებისთვის უვარგისი „supper“ მარკის ბენზინის არსებობა და საქინფორმი „Gulf“-ის წინააღმდეგ ანტისარეკლამო კამპანიაში მონაწილეობასა და შავ პიარში დაადანაშაულა.

თუმცა, როგორც შემდგომში თავად ქალბატონმა ჯიბლაძემ აღიარა, ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი მისდამი დაქვემდებარებულ კომპანიაში, რის შემდეგაც, გუშინვე ჩვენ ქალბატონი ჯიბლაძისგან მეორე წერილი მივიღეთ, რომელსაც ქვემოთ უცვლელად ვაქვეყნებთ:

კომპანია გალფის ქსელში სუპერის ტიპის საწვავთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრილია  

კომპანია გალფის მენეჯმენტი თავის ლოიალურ მომხმარებელს გალფის ქსელში არსებული შეფერხებისათვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ კომპანია გალფის ქსელში სუპერის ტიპის საწვავთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 28-29 იანვარს ამ დროისათვის აღარ არსებობს. აღნიშნული პრობლემები იყო ლოკალური ხასიათის, სულ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე და დაკავშირებული იყო მხოლოდ სუპერის ტიპის საწვავის დისტრიბუციასთან.

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გალფი თავის მომხმარებელს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწვავს აწვდის და გალფის ქსელის მომსახურებაც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება. გალფი მადლობელია თავისი ლოიალური მომხმარებლების კომპანიის მიმართ მათი ერთგულებისათვის“.