პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები ნელ-ნელა თხელდება

1-marika-politikaa2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა 4 თებერვლით დათარიღებული განცხადებით პარლამენტს მიმართა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია „რეგიონებს“ ტოვებს. ამ ეტაპზე ის გასვლის მიზეზებს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.

ვერულაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დეპუტატზე განხორციელდა ზეწოლა. მარიკა ვერულაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ზეწოლასა და დიდ სტრესზე გასულ თვეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა.

ექსპერტ გია ხუხაშვილს არასერიოზულად მიაჩნია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა ვერსია მარიკა ვერულაშვილზე ზეწოლის განხორციელების შესახებ. მისი განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს რისკები და, ამდენად, ნებისმიერი ადამიანი აკეთებს არჩევანს რისკებიდან გამომდინარე. ხუხაშვილი მას საკმაოდ გამოცდილ მებრძოლად მოიხსენიებს, რომლის შეშინებაც ასე ადვილი არ არის.

უმცირესობის წარმომადგენლები ამ მოვლენაში საფრთხეს ვერ ხედავენ. ის, რომ უმცირესობა დაიშლება, ამის იმედი ნურავის ნუ ექნება. აქ არის ხალხი, ვისაც ღირებულებები და რწმენა აქვს და იმიტომ არ ყოფილანნაციონალურ მოძრაობაში“, რომ, უბრალოდ, ხელისუფლებაში მოხვედრილიყვნენ“, – აცხადებს ხათუნა ოჩიაური.

ცნობისათვის: მარიკა ვერულაშვილმა 2001 წელს დაიწყო მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად; 2002-2003 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი; 2003-2004 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე; 2004 და 2008 წლებში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად „ნაციონალური მოძრაობის“ სიით; 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატია (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ ფრაქციის მდივანი).

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის გახსნიდან დღემდე უმცირესობა 9 დეპუტატმა დატოვა.