პოლიტიკა
უსუფაშვილი: „იმ აქტით, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, თავისუფლება მიიღო სწორედ პოლიტიკურმა დევნილებმა“

1-daTo-politiikaa2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  „შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პროცესს „უპერსპექტივოს“ ვერ დავარქმევ“.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივმა პრესკონფერენციამ მცირე დებატების სახეც კი მიიღო, თუმცა, პრეზიდენტის აღშფოთებაზე 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით უსუფაშვილმა განაცხადა: „იმ აქტით, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, თავისუფლება მიიღო სწორედ პოლიტიკურმა დევნილებმა. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო მე არ დამინახავს“.

თუმცა, უსუფაშვილის განცხადებით, თანხმდებიან, რომ „მსგავსი მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ წაადგება ქვეყანას, ვისი მიზეზითაც უნდა იყოს ის  დაგეგმილი, პროვოცირებული, ინიცირებული თუ ყურადღებავერმიქცეული“.

 

მისი თქმით, სურვილი იმისა, რომ დარეგულირდეს ვითარება და მოიძებნოს მნიშვნელოვანი საკითხების კონსტიტუციური გამოსავალი, ეს ორივე მხრიდან გააზრებული და გაცნობიერებულია.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის ფორმირების ნაწილში, „ეს არის გასაღები ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისა. საუბრის მომენტში გამოიკვეთა ახალი შესაძლო ვარიანტები, სქემები. ამ თემაზე საჭიროა დაფიქრება. მე მოვისმინე ის საკითხები, რაც მათ აღელვებთ და ამ თემებზე ჩვენც გვექნება გუნდის შიგნით განხილვა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებაზე – „პარლამენტი ჩემთვის არის მხოლოდ ქუთაისში! პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი არის უკანონო კონსტიტუციური გადატრიალება“, – დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას სწორედ ქუთაისის პარლამენტში ელიან: „ბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენ ქუთაისში გელით; ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოსმენას ნოემბერში, დეკემბერში...  აღარ იქნებით პრეზიდენტი, როცა პარლამენტი შეიძლება სხვაგან იყოს. ამიტომ ეს მხოლოდ ქუთაისში მოხდება... პარლამენტის შენობა იმდენად მიანგრ-მოანგრიეთ, რომ მის ჭკუაზე მოყვანას 6 თვე სჭირდება“.

საბოლოოდ, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საკითხებზე მსჯელობისას შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, თუმცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ „უპერსპექტივო არ არის ეს დიალოგი, არ არის გარკვეული პიარაქციები არც ჩვენი მხრიდან და არც პრეზიდენტის მხრიდან. შეხვედრა იყო საქმიანი“.