სამართალი
პადოშა: „რატომ შევყავდი შეცდომაში კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებს?”

1-gia-tortlaa-sammarTa3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ათი საათის განმავლობაში კითხავდნენ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში „დეოკუპაციის ცენტრის“ დირექტორ გია თორთლაძეს. 18 საათზე ჩვენების მისაცემად დაბარებულმა თორთლაძემ გამომძიებლის კაბინეტი დილის 4 საათისთვის დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „დეოკუპაციის ცენტრისთვის“ გადაცემული მანქანის გაყიდვის ფაქტზე აღძრული საქმე აბსურდულია.

გამოძიების ინფორმაციით, თორთლაძემ ორგანიზაციის კუთვნილი მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა პირადი მიზნებისათვის გამოიყენა. ყოფილი დეპუტატი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და მის დაბარებას ჩვენების მისაცემად პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

 

მისი თქმით, „დეოკუპაციის ცენტრის“ კუთვნილი მანქანა მან კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების რჩევით გაყიდა და ცენტრის ყველა ფინანსური ანგარიშის კულტურის სამინისტროსთვის ჩაბარების დროს მათ დოკუმენტების სისწორეში ეჭვი არ შეუტანიათ.

„რატომ შევყავდი შეცდომაში კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, თუ ეს მანქანა არ უნდა გამეყიდა?“ – სვამს კითხვას თორთლაძე.

გია თორთლაძის ბრალდებას კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი გამოეხმაურა, რომელიც თორთლაძის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, თორთლაძისთვის მანქანის გაყიდვის შეთავაზება მის კომპეტენციაში არ შედიოდა და მას მხოლოდ თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. დოკუმენტაციაში უზუსტობების გამო კი კულტურის მინისტრის მოადგილემ თავად გადაწყვიტა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიემართა.

საგამოძიებო სამსახური თორთლაძეს „დეოკუპაციის ცენტრისთვის“ უსასყიდლოდ და უვადოდ გადაცემული 104 602 ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ 50 000 დოლარად გასხვისებას ედავება.