რედაქტორისგან
„მოსკოვისთვის ზურგის შექცევით თბილისი ვაშინგტონის მარიონეტად გადაიქცა“

1-anons-chikvilaZeსაქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. უფლის ნებით, რუსეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი მეზობლები არიან. ამიტომ საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში სწორედ ამ რეალობის საფუძველზე უნდა ააგოს და გაითვალისწინოს რიგი ნიუანსები, რომელთაგან ზოგიერთი, გასაგები მიზეზებით, მითვის არც ისე სასურველია, სხვები კი, შესაძლოა, სულაც მიუღებელი იყოს.

აშკარაა, რომ ამ საკითხში კარგად ერკვეოდნენ ჩვენი გამოჩენილი წინაპრები: მეფე ერეკლე II, ილია ჭავჭავაძე, ბევრი სხვა, ვინც რეალურად აფასებდა ჩვენი დიდი და ძლიერი მეზობლის შესაძლებლობებს, ერიდებოდა სიფიცხეს და აგრესიულ რიტორიკას, მაგრამ სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობას მიმართავდა და, გარკვეულ დათმობებზე წასვლით, რუსეთისგან საქართველოსთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობდა. მათ კარგად იცოდნენ, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მეტი დაეკარგათ, ვიდრე შეეძინათ. სამწუხაროდ, მათმა „მემკვიდრეებმა“ ეს მარტივი ჭეშმარიტება უგულებელყვეს, და დღეს თბილისი მოსკოვის ინტერესების 23-წლიანი იგნორირების შედეგებს იმკის. სწორედ ამდენი დრო გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის  გამოცხადების დღიდან. და ამ წლებმა სასიამოვნო არაფერი მოიტანა: ეკონომიკის რღვევა, ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება.

რუსეთი - ქვეყანაა, რომელსაც ჩვენ 1989 წელს ზურგი ვაქციეთ, არავინ იცის, რისი იმედით. დღეს გაფუჭებული ურთიერთობის მოგვარებას ვცდილობთ. მაგრამ სწორია კი თავად მიდგომა სწორად დასმულ ამოცანასთან? მგონი, არც ისე. ჩვენ წინასწარ ვცდილობთ რუსეთისთვის რაღაც გარანტიების გამოთხოვას: აი, ჩვენ თქვენთან ვართ, მაგრამ რას მივიღებთ ამისთვის - იქნებ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაგვიბრუნოთ?

ეს საწყისშივე არასწორია. რუსეთთან ურთიერთობაში არანაირი პრივილეგიები არა გვაქვს, რომ რაიმე მოვთხოვოთ ან, მითუმეტეს, რაიმეს გაკეთება ვაიძულოთ. რუსეთი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძლევამოსილი დერჟავაა თავისი გავლენით, რესურსებით, უკიდეგანო ტერიტორიებით, თუ გნებავთ, „შიშის ფაქტორებით“ და ა.შ.

მოდი, საქართველო რუსეთს შევადაროთ. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ - თავდაჯერებული პატარა ერი ვართ, რომლის ამბიციები აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. ჩვენი ძალა და გავლენა - გინდ მსოფლიოში, გინდ რეგიონში - ნულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ დიდ და მძლავრ იმპერიას ველაპარაკებით ან მივმართავთ, ჩვენი ტონი შესაბამისი უნდა იყოს.

და აი, ასეთ უკიდურესად აშკარა ფონზე ქართველი საზოგადოების რიგი წარმომადგენლების და პოლიტიკოსთა მხრიდან გამოვლინდა მსოფლიოში ჩვენი რეალური ადგილის არაადეკვატური შეფასება, უგუნურება, გადაჭარბებული ამბიციები და საკუთარი ისტორიის დავიწყება. შედეგად რუსეთთან ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური კავშირები დარღვეული აღმოჩნდა. ჩვენ მისგან თვითიზოლაცია მოვახდინეთ, უსაფრთხოების გარანტია დავკარგეთ და, რაც მთავარია, ჩვენი მეზობელი რუსეთი ჩვენს მტრად ყოველგვარი ობიექტური საფუძვლების გარეშე გადავაქციეთ.

სანაცვლოდ ამერიკის მარიონეტები გავხდით, მისი ინტერესების გამტარებლები რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არა აშშ, არამედ იგივე რუსეთია. და ამით საკუთარ თავს უსერიოზულესი პრობლემები შევუქმენით, აღმოვჩნდით რა ორი სუპერსახელმწიფოს ინტერესთა ბრძოლის შუაგულში. და აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკელები თურმე სულაც არ არიან ალტრუისტები, როგორც გვეგონა, და, მითუმეტეს, არ ჩაებმებიან რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. მეტიც, სწორედ აშშ-ის წაქეზებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი პრაქტიკულად ქართველების გენოციდს, მართლმადიდებლური სარწმუნოების და ტრადიციების გეგმაზომიერ გაუფასურებას ახორციელებდა, მოსახლეობას ღირსებას ართმევდა და იძულებით ახვევდა თავს უცხო ტომის ფასეულობებს.

სააკაშვილი, თითქმის თავისი მმართველობის დასაწყისიდან დღემდე, კონტროლირებადი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ანტირუსული რიტორიკისა და პროპაგანდის წყალობით, რუსეთისგან მტრის ხატს ძერწავდა. ანტირუსულმა ბაკქანალიამ იმგვარ ხარისხს მიაღწია, რომ სიტყვა „რუსეთის“ უბრალო ხსენებაც კი დამამცირებელი ეპითეტების გარეშე შეუძლებელი გახდა. ხოლო მისი პოზიტიურად ხსენება ავტორს მყისვე „რუსეთის აგენტად“, „ხალხის მტრად“ და ა.შ. გადააქცევდა. სააკაშვილის რეჟიმმა აშშ-ის მითითებითა და ნებაზე მიშვებით საქართველოში ანტირუსული ისტერიის ფონი შექმნა, რომელიც, შესაძლოა, ნაწილობრივ ემსახურება პირველის ინტერესებს, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი და სრულიად არაპერსპექტიულია.

საქართველოში ახალი ხელისუფლებაა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის მზად არის და შეუძლია ერთბაშად გამოიყვანოს ქვეყანა ამერიკის გავლენის ან, თუ გნებავთ, კონტროლის ქვეშიდან. ახალი ხელისუფლება საკმაოდ ჭრელია, მასში არც ისე ცოტაა თბილისის პროამერიკული კურსის მომხრე. ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების მხრიდან ამერიკული გავლენის შესუსტების მხოლოდ მცდელობას ვხედავთ. მაგრამ დასავლეთის მიერ დაფინანსებული და მაძღრისად გამოკვებილი  უდიდესი ნაწილი ქართული პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობოებისა კვლავაც მზად არის, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ იმოქმედოს და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან წახალისებული, ნატოში ქიმერული შესვლისაკენ ისწრაფვის. რუსეთთან ურთიერთობის კვლავაც გაუარესების ხარჯზე ისინი უფსკრულისაკენ უბიძგებენ საქართველოს, რაც ბოლოს და ბოლოს სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ დარღვევას გამოიწვევს.

დღეს საქართველი გზაგასაყარზე დგას. პირველი გზაა - ამბიციების შეკავება, ნატოში შესვლაზე უპირობოდ უარის თქმა, რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენა, მცდელობა - საბოლოოდ არ დავკარგოთ შანსი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ამა თუ იმ ფორმით გაერთიანების იმედი გვქონდეს, იდენტურობის - რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნება. მეორე გზა - ამერიკული ოცნების განსახორციელებლად ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის მსხვერპლად შეწირვა, რეგიონში ვაშინგტონის ინტერესების გამტარებლად დარჩენა და ერთ-ერთ იმ უსახო ქვეყნად გადაქცევა, რომლებსაც ოდესღაც წარსული ჰქონდათ, მაგრამ მომავალი არასოდეს ექნებათ.

კონსტანტინე ჩიკვილაძე,

იურისტი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ექსპერტი, ევრაზიის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

“ნეზავისიმაია გაზეტა“