სამართალი
ყოფილმა პოლიტპატიმრებმა საჩივარი შეიტანეს

1-saCivari-samarTaa2საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ნანა კაკაბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

არჩილ კბილაშვილის სახელზე დაწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისას მოქალაქეების  აზრის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. ნანა კაკაბაძის თქმით, ადგილზე მისული ადამიანები მშვიადობიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეხლა-შემოხლის და არეულობის პროვოცირება მოახდინეს, რამაც სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.

პროკურატურაში წარდგენილი განცხადების მიხედვით, მშვიდობიანი აქციის პარალელურად, მისი მონაწილეებისგან შემდგარმა 10-კაციანმა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლაზე დასასწრებად პრესსამსახურისგან ნებართვა ითხოვა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო. პოლიტპატიმრები ინციდენტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. საჩივარს 185 პატიმრის და აქციის მონაწილე ათობით მოქალაქის ხელმოწერა აქვს დართული.

„მოგმართავთ თხოვნით, რათა გამოიძიოთ 2013 წლის 8 თებერვალს ჩვენი უფლებების დარღვევის ფაქტი და გამოავლინოთ როგორც კონკრეტული დამნაშავეები, რომლებმაც მოაწყვეს პროვოკაცია, ისე ამ პროვოკაციის დამკვეთნი, რათა მათ კანონის წინაშე აგონ პასუხი“, – ნათქვამია განცხადებაში.