საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი: „შევიკრიბოთ 19 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველზე, ძველი პარლამენტის წინ“

1-vano-brifingiსაქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს და საგანგებო განცხადებას აკეთებს.

„საქართველოს ისტორიულად ძალიან ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე. ჩვენს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე დამდგარა საქართველო განსაცდელის წინაშე და საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, საქართველო დღესაც დგას არჩევანის წინაშე. დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან – რუსეთთან დაბრუნება. სწორედ ამიტომ 19 აპრილს, 4 საათზე, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ. მე მინდა, მოვიწვიო ყველა პატრიოტი საქართველოსი, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიაშია, რათა დღევანდელ მთავრობას და დღევანდელ ხელისუფლებას დავანახვოთ, საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველო დაბრუნდეს ძველ დროში, იმ დროში, ს ადაც არც ჩვენი უფლებები იყო, არ იყო დემოკრატია, თავისუფლება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ გარანტირებული დემოკრატია, თავისუფლება,  და არ იყოს საქართველო მონობაში.

კიდევ ერთხელ – მე ვიწყებ და ჩემი მეგობრები ვიწყებთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას, თბილისის თითოეულ ქუჩაზე, თითოეულ უბანში შეხვედრას ადამიანებთან, მათ მოსმენას და მათ მოწვევას, რათა ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას დავანახვოთ, რომ  ქართველი ხალხის ნება არის ურყევი და ჩვენი მომავალი არის დასავლეთისაკენ და ჩვენი მომავალი არ არის რუსეთისკენ. დიდი მადლობა“.