საზოგადოება
პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის თარიღს ბიურო დაადგენს

1-mananaსაქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. მმართველ გუნდს ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის მოისმენს პარლამენტი პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს. როგორც სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლის პასუხად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე, უპირველესად, პარლამენტის ბიურომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილებაც მანვე მიიღოს. ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს პრეზიდენტის მოსმენაზე უარი არც უწინ უთქვამს და საუბარი მხოლო იმას შეეხებოდა, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

„თუკი ის პარლამენტს სცემს პატივს, მან უნდა განმარტოს, თუ რატომ აქვს ასეთი გადაჭარბებული კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ როდესაც მოესურვება, დაითხოვოს პარლამენტი, ერთპიროვნულად დაითხოვოს მთავრობა და შექმნას მთავრობა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამგვარივე განმარტება გააკეთა მედიასთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამაც, რომლის თქმითაც, იმ დროისათვის სააკაშვილის მოსმენაზე უარის თქმა არ ნიშნავდა, რომ მას საერთოდ არ მოუსმენდნენ.