სამართალი
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

1-gigi-samarTali-1-mtavariსაქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მერ გიგი უგულავას ბრალდება გასულ კვირას ოფიციალურად წაუყენეს და შესაბამისი დოკუმენტებიც გადასცეს. უგულავამ სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

გამოძიება მას სსკ 182-ე მუხლის II და III ნაწილით, ასევე, 194-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ უგულავამ მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა: დროა, გვერდზე გადავდოთ ეს ტაკიმასხარაობა და მივხედოთ ქალაქს. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულებისთვის მე მზად ვარ.

უგულავას მხარდამჭერ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თბილისის მერისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდნენ და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. ხელისუფლებას სურს თბილისის თვითმმართველობის ხელში ჩაგდება. ეს არის სახიფათო პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ამოცანა ვერასოდეს ვერ მიიღწევა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვანო მერაბიშვილი განცხადებით, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ჩაშლის მცდელობაა.

გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, განცხადებით, უგულავას ბრალდება უკვე წაყენებული აქვს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, პროკურატურას მისი დაკავების სურვილი არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ეს ერთგვარი კოაბიტაციის პროცესია. თბილისის მერის საქმე ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, საბიუჯეტო თანხებისა და სხვისი ქონების მითვისებას, ტელეკომპანია „იმედის“ დაპატრონებასა და „თბილსერვისში“ აქტივისტების დასაქმებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი – 7-დან 11 წლამდე, 194-ე მუხლი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი პროკურატურა ადასტურებს გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. არჩილ კბილაშვილი მიიჩნევს, რომ უგულავას მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გირაოს სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით, ადეკვატური თანხაა. ამის შესახებ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„პირველ ეპიზოდში, გაფლანგვის ნაწილში მას ბრალი ედება 5 მილიონ 245 ათასი ლარის გაფლანგვაში, მეორე ეპიზოდში 10 მილიონი დოლარის მითვისებაში. ერთობლიობაში ეს სადღაც 20 მილიონ ლარზე მეტია, აქედან გამომდინარე, მოთხოვნილი თანხა გარკვეულ უნისონშია გაცხადებულ ბრალდებასთან და ვფიქრობთ, ის ადეკვატურია წარმოდგენილ საქმის მასალებთან“, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

მისი თქმით, მთავარი პროკურატურა მოითხოვს, უგულავამ არ დატოვოს ქვეყანის ტერიტორია.

გიგი უგულავას საქმეზე პროკურატურის მოთხოვნაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

1-gigi-samarTali1-1 1-gigi-samarTali-1-2