სამართალი
გიგი უგულავა: „მიმაჩნია, გადაწყვეტილება იყო ლოგიკური“

1-gigi-samarrTali1საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის მერ გიგი უგულავას წინააღმდეგ. გამოძიება უგულავასთვის ერთი მილიონი ლარის გირაოსა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ გადაწყვეტილებას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მერის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არ არსებობს და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული.

სხდომის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ ამ პროცესით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მის წინააღმდეგ ძიების პოლიტიკური მოტივირება.

„გადაწყვეტილება, მიმაჩნია, იყო ლოგიკური. სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი ლეგალური საფუძველი არ ჰქონდა აღმკვეთი ღონისძიების იმ ფორმების მოთხოვნის  – სრულიად გაუგებარი, დაუსაბუთებეელი, მილიონი ლარის მოთხოვნა გირაოს სახით, გაუსვლელობა, საქმიანობის ჩამორთმევა, სხვადასხვა ტიპის ეგზეკუციები და ა.შ.“

როგორც უგულავა აცხადებს, „ ჩვენი მოთხოვნა მარტივია: ვინაიდან ივანიშვილმა გადაწყვიტა პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოების ჩარევა იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც მან წამოიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ, მე და ყველა ჩემი მეგობარი მზად ვართ, ღია, თავისუფალ სასამართლო  გარემოში ყველა მოწმის დაკითხვისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე დავადასტუროთ ჩვენი უდანაშაულობა და ბრალდების წმინდა პოლიტიკური მოტივები“.

უგულავას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ შესაძლოა გაასაჩივროს. როგორც არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, იგი ვარაუდობს, რომ განჩინება უკანონოა და მხოლოდ მისი შესწავლის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. „პირველი რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთავარმა პროკურორმა სასამართლოების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შუამდგომლობების უმრავლესობას სასამართლო  არ აკმაყოფილებს. ეს კი ზრდის კრიტიკულ განწყობას და დამოკიდებულებას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს კბილაშვილი.