პოლიტიკა
„პირველად მესმის, რომ პრემიერი პრეზიდენტს „ფეისბუქით“ მიმართავდეს!“ ანუ სააკაშვილის ტყუილების კორიანტელი

1-brifingi-pollitii2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტ სააკაშვილისადმი მიმართვის პასუხად სააკაშვილმა თავის რეზიდენციაში რამდენიმე შერჩეული წამყვანი ტელეჟურნალისტისათვის ბრიფინგი ჩაატარა.

ბრიფინგი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომლის ვიდეოჩანაწერი მკითხველს შეუძლია იხილოს საქინფორმის მთავარ გვერდზე. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ რამდენიმე ტყუილზე იმ თითქმის ორსაათიანი ტყუილების კორიანტელიდან, რითაც სააკაშვილმა გუშინ საქართველოს მოსახლეობა ძალიან „გაახალისა“.

პირველ რიგში, სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ მას მოუხსნეს დაცვა და ამის გამო მასთან შეღწევა ძნელია. ის მზადაა, თვითონ მივიდეს პრემიერ ივანიშვილთან, თუ ის სადილზე დაპატიჟებს „მე მზად ვარ, გავაგრძელო დიალოგი, რომელიც მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს, პირველად მესმის, რომ ქვეყნის პრემიერი პრეზიდენტს „ფეისბუქით“ მიმართავდეს... მაგათ ბევრი შესასვლელი აქვთ, ჩემს რეზიდენციას ერთი შემოსასვლელი დარჩა, რომელსაც ვაკონტროლებთ და ამიტომ ჩემი გუნდის წევრები მე, ძირითადად, მობილურით მიკავშირდებიან. წეღან რეზიდენციაში მოსულ დათო ბაქრაძეს  შემოსასვლელად 40 წუთი ლოდინი დასჭირდა“.

როგორც დღეს საქინფორმი იუწყება, ეს ტყუილია, რადგან სააკაშვილისთვის დაცვა არავის მოუხსნია, პირიქით – მას სპეციალური დაცვის სამსახური – 11 ესკორტი და 350 პირადი მცველი იცავს.

ბრიფინგის დროს სააკაშვილმა ტრადიციულად ახსენა, თუ რას უპირებს მას რფ-ის პრეზიდენტი პუტინი და ფართოდ შეეხო რუსეთის თემას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ლიბერთი“ ბანკი და „თი ბი სი“ ბანკი რუსეთის „სბერბანკმა“ და „ალფა ბანკმა“ შეისყიდეს, ხოლო „გაზპრომის“ ბანკი აპირებს რამდენიმე ქართული ბანკის შესყიდვას. „ამ ბანკებში საქართველოს მოსახლეობის ქონებაა ჩადებული – სახლები, კრედიტები აქვთ აღებული, და თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნას ვარაუდობს, ეს ქონება რუსული ბანკების ხელში გადავა“.

ესეც ტყუილია – „ლიბერთი“ და „თი ბი სი“ ბანკების ხელმძღვანელობა ამ განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურნენ და მათი ბანკების გაყიდვა ან, თუნდაც, ამის თაობაზე რუსულ ბანკებთან მოლაპარაკება კატეგორიულად უარყვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის 9-წლიან პერიოდში საქართველოს მთელი სტრატეგიული დარგები და წარმოებები სწორედ რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე გაიყიდა („მადნეული“, „კვარციტი“, „თელასი“, „თბილწყალი“, ენგურჰესი და სხვ.).

სააკაშვილი „როსპოტრებნადზორის“ სანიტარიული ექიმების საქართველოში ვიზიტსაც შეეხო, რომლებიც ამჟამად 100-ზე მეტ ქართულ წარმოებას სწავლობენ მათი პროდუქციის (მინერალური წყალი და ღვინო) რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მიზნით. „ეს გოგოლის რევიზორს მაგონებს! რუსეთიდან ჩამოსულ ონიშჩენკოს რევიზორებს, რომელმაც ქართველებს არაფრისმაქნისები უძახა. დღეს კი დამცირებული ქართველი მწარმოებლები თვალებში შესციცინებენ“.

ამით სააკაშვილმა ნათლად აჩვენა, რომ მას არ აინტერესებს არც საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობა, არც ქართული ბიზნესის განვითარება, არც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. მეტიც, რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი ონიშჩენკო გამოეხმაურა სააკაშვილის ამ შეურაცხმყოფელ გამონათქვამს და არ გამორიცხა, რომ თავისი ექსპერტები უკანვე გაიწვიოს.

ამის თაობაზე დღეს საქინფორმი ცალკე იუწყება და აქ, უბრალოდ, დასამატებელია, რომ უმდიდრესი რუსული  ბაზარი, სადაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები შეღწევას ცდილობენ, ახალი მთავრობის მთელი ღონისძიებების მიუხედავად, საქართველოსთვის ისევ მიუღწეველი დარჩება.