აქტუალური
თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები ვაზიანის ბაზაზე

alas-aq-1-mTavსაქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთა ერთად გუშინ ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

 

თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შტაბიც მოინახულეს. მათ შტაბის შენობაში განთავსებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის – ბაჩანა ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის – გიორგი კალანდაძის, სამუშაო კაბინეტები და მოსასვენებელი ოთახები დაათვალიერეს. აქამდე თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების კაბინეტები დალუქული იყო.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამუშაო კაბინეტში ალასანიამ ხადურს მარნეულის საავიაციო ბრიგადაში არსებული პრობლემები გააცნო და ბაზის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა უჩვენა.

ალასანიას განცხადებით, ინფრასტრუქტურა ახალ ხელისუფლებას თითქმის ყველა ბაზაზე მოუწესრიგებელი და განადგურებული დახვდა. მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ თავდაცვის ეროვნული აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სტრუქტურისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. „ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების დროს, თავდაცვის სამინისტროსთვის მთავარი ღირებულება ჯარისკაცი არ იყო და მისთვის არ იხარჯებოდა ფული. 2004 წლის შემდეგ, თავდაცვის უწყებაზე 8 მილიარდ ლარამდეა დახარჯული. აშკარად ჩანს, რომ ჯარისკაცების ყოფას ეს თანხა არ მოხმარდა. ჩვენი ამოცანაა და პრემიერმა გასცა განკარგულება, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. სწორედ ამას ემსახურება ეს ვიზიტი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

alas-aqt-1-1 alas-aqt-1-2
alas-aqt-1-3 alas-aqt-1-4