აქტუალური
ახალაია ალასანიას ციხიდან პასუხობს

baCo-aqtu-2-mtavსაქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ირაკლი ალასანიასა და ირაკლი სესიაშვილის მიერ წამოყენებული ბრალდებების პასუხად საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით საკუთარი თავისთვის მას პრემია არასოდეს გამოუწერია.

მისივე თქმით, უსინდისობაა იმის მტკიცება, რომ „2009 წლიდან 2012 წლამდე ქართულ ჯარში არაფერი გაკეთებულა ჯარის გაძლიერებისა და ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესების კუთხით“ და იქვე დასძენს, რომ ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოირჩევა, რაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

„იგი მე და ჩემს ოჯახს არჩევნებამდე ღიად გვდებდა ბრალს გაურკვეველი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში და „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში მათი გამოყენებით ქვეყანაში არეულობის ორგანიზების მცდელობაში. დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ინფორმაცია იყო ტყუილი და მიზნად ისახავდა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“, – აღნიშნავს ყოფილი მინისტრი თავის განცხადებაში.

ახალაიას განმარტებით, სწორედ 2009-2012 წლებს უკავშირდება „სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში, რისი შედეგიც გახლავთ თვითმავალი რეაქტიული საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ავტომატური შაშხანა „G5“, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ნაღმმტყორცნები, პირველი ქართული მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ქვეითი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და სხვა“.

მისივე თქმით, ამჟამინდელ მინისტრს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ნანახი.

„რაც შეეხება იმ ავტომობილებს, სამუშაო ოთახს და მათ კეთილმოწყობას, მე მესმის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, რომელიც ვერ იგებს, თუ რატომ იყო აღნიშნული ნივთები ეფექტური მუშაობისათვის საჭირო, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი მინისტრი სამუშაო ოთახში ატარებს დღეში მაქსიმუმ 5 საათს და, ასევე, დანამდვილებით გეტყვით, რომ 6 თვის მუშაობის მანძილზე ჯერ ნახევარიც კი არ აქვს ნანახი იმ ბრიგადებისა, რომელიც ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს“, – აცხადებს ახალაია.

baCo-aqtu-2-1 baCo-aqtu-2-2