აქტუალური
„საზმაუს“ საინიციატივო ჯგუფი ბორდის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს

bordiსაქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამ წუთებში „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დასრულდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელიც ორი საათის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დატოვეს, რომლებიც საბჭოსგან გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. ისინი ბორდს სრულ უნდობლობას უცხადებენ და მისს წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ.

„ბორდის უმეტესობამ უნდა დატოვოს ბორდი, იმიტომ, რომ ისინი ვერანაირად მეურვეები ვერ იქნებიან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და, შესაბამისად, საზოგადოების. ჩვენ გაძლევთ პირობას, სამართლებრივი გზით ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს“, – განაცხადა სხდომის დატოვების შემედგ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა, რომლის თქმითაც, „არ უწერია საქართველოს არასოდეს განვითარება ამ ბორდის ხელში. მე რომ მოვკვდე, ამ ბორდს შევეწირები. ესენი ადამიანებისთვის საშიში ხალხია“.

თავის მხრივ, „საზმაუს“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ დაადასტურა, რომ სამურვეო საბჭოს არ შეუცვლია 4 მარტის გადაწყვეტილება, რადგან ამ გადაწყვეტილების შეცვლის ან გადახედვის უფლება არ ჰქონდა: „საინიციატივო ჯგუფის წევრებს განემარტათ, რომ დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა რა იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს. ერთადერთი ლეგიტიმური გზა იმისა, რომ შეიცვალოს 4 მარტის გადაწყვეტილება, ეს არის შემთხვევა, თუ რომელიმე დაინტერესებული პირი გაასაჩივრებს სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას“.

რაც შეეხება გენდირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ გიორგი ბარათაშვილს, იგი  ბორდის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას აპირებს. აღნიშნულ თანამდებობაზე კი უკვე კონკურსია გამოცხადებული.