აქტუალური
სომეხთა სათვისტომო: „სააკაშვილს სურს, თავისი წარუმატებელი პოლიტიკა ორი ერის წაკიდებით დაასრულოს“

somex-sqtruaa1საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ რუსლან პოღოსიანის მიერ 6 მარტს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას მიესალმება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სომეხი ეროვნების მოქალაქეებისა და სამცხე-ჯავახეთის მიმართებაში ბოლო დროს გახშირებულ განცხადებებში კორექტულობისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.

მიუღებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გარკვეული შიდა ან გარე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების უგულებელყოფით რეალობას მოწყვეტილ აბსტრაქტულ საშიშროებებზე საუბრობს, რითაც ქვეყნის სხვადასხვა ეროვნული წარმომავლობის მქონე მოქალაქეებს ერთმანეთს უპირისპირებს და უარყოფით სტერეოტიპებს ნერგავს.

აღსანიშნავია, რომ 2003-12 წლებში ხელისუფლება ეროვნული უმცირესობების მრავალრიცხოვანი პრობლემების არსებობასაც კი უარყოფდა და ხშირ შემთხვევაში თვითონ ქმნიდა და ართულებდა არსებულ ვითარებას, – ნათქვამია სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მე დღეს განცხადებას ვაკეთებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სომეხი ეროვნების წარმომადგენელი. პრეზიდენტის მრავალჯერადი განცხადება სამცხე-ჯავახეთის საქართველოდან შესაძლო მოწყვეტის შესახებ არის საბოტაჟი სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სააკაშვილს სურს, თავისი წარუმატებელი პოლიტიკა ორი ერის წაკიდებით დაასრულოს. ეს არ მოხდება. ვაცხადებ ამ კუთხის სახელით“.

სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე.ულამაზესი არა მხოლოდ თავისი ბუნებით, არამედ თავისი ხალხით, რომლებიც, საუკუნეების მანძილზე ძმებივით ცხოვრობდნენ ამ მიწაზე.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს – ნუ განაწყობს ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით. ამას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა აკეთებდეს. პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობაა არა მტრობისა და სიძულვილის დათესვა თავისი9 ქვეყნის მოქალაქეებს შორის, არამედ პირიქით – მათში სიყვარულისა და სიკეთის დანერგვა.

„ჩვენ დღემდე არ გავაკეთეთ კომენტარი მის განცხადებებზე, მაგრამ თუ კი ის კიდევ გააგრძელებს ამაზე საუბარს, მაშინ ჩვენი პასუხი იქნება კიდევ უფრო მკაცრი“, –განაცხადა დეპუტატმა "ქართულო ოცნებიდან" რუსლან პოღოსიანმა.