აქტუალური
მაღალი სანდოობის მქონე „საკანონმდებლო მაცნე“ ბეჭდური ვერსიითაც გამოვა

საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ელექტრონული სახით ფუნქციონირებდა, იურიდიული ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემას განაახლებს.

ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა იურიდიული ტექსტების ბეჭდურ ვერსიაზე მოთხოვნა, რამაც განაპირობა „მაცნეში“ სტამბის ამოქმედების საჭიროება.

1macne-aqtu1იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „საკანონმდებლო მაცნე“ სწრაფი ტემპით ვითარდება და ასევე სწრაფი ტემპით ასწორებს სხვადასხვა მიზეზით თუ წარსულის მოვლენის გამო შექმნილ ნაკლოვანებებს. „სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან გამოკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აღვადგინოთ „საკანონმდებლო მაცნეს“ სტამბა, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც, პირველ რიგში, თავის სახელმწიფოებრიობას და თავის კანონებს სცემს პატივს, სჭირდება, ჰქონდეს რესპექტაბელური არა მხოლოდ გამოცემის ელექტრონული ვერსია, არამედ ფუძემდებლური სამართლებრივი აქტები იყოს ბეჭდური ვერსიითაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კვლევისა და გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ იურისტებისთვის ბეჭდურ გამოცემასთან მუშაობა უფრო ადვილია, ამასთან, ეს გამოცემები ისარგებლებს მაღალი სანდოობით.

„ეს ბუნებრივია და, ამავე დროს, სასიხარულო, რომ გამოითქვა დიდი ნდობა „საკანონმდებლო მაცნეს“ მიმართ და იმ მომავალი ბეჭდური ვერსიების მიმართ, რომელთაც სსიპ იუსტიციის სამინისტრო, ანუ სახელმწიფო, გამოსცემს. ყველა იურისტს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ კოდექსების ბეჭდური ვერსიის გამოცემას, ეცოდინება, რომ თუკი ეს არის „მაცნეს“ მიერ გამოცემული, დოკუმენტი სანდოობის მაღალი ხარისხით ხასიათდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით, „საკანონმდებლო მაცნე“ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სსიპ, მას ეკუთვნის განსაკუთრებული ადგილი ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ბეჭდური ვერსიის აღდგენა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“.

ცნობისათვის: უახლოეს დროში შეიქმნება სარედაქციო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს მოკლე და გრძელვადიან პრიორიტეტებს, თუ ნორმატიული აქტების გარდა, კიდევ რა ტიპის იურიდიული ლიტერატურა უნდა იბეჭდებოდეს „საკანონმდებლო მაცნეში.

გამოცემის სტამბის ამოქმედება მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობის გაზრდას.