აქტუალური
აფხაზეთის ომის გმირების გახსენება

1afxaz-aqtu-4-mtსაქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გუშინ აფხაზეთის ომის ვეტერანებმა გაიხსენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1993 წლის 16 მარტს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1993 წლის 16-17 მარტს სოხუმზე შემოტევის მოგერიებისას დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა  ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანესთანაც“. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა გმირობის ისტორიები გაიხსენეს, სადაც მიწვეული სტუმრებისთვის აფხაზეთის ომის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

ცნობისათვის: 1993 წლის 16-17 მარტს ქართულმა არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსული არმიის, კაზაკების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკების მიერ სოხუმზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევას. 1993 წელს მდინარე გუმისთასთან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შემოტევა წარმატებით მოიგერიეს.

1afxaaz-aqtu-4-1 1afxaz-aqtu-4-2