აქტუალური
პრემიერი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამს ულოცავს

1novruz-aqtu5საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს აზერბაიჯანელ მოსახლეობას და მთელ საქართველოს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა: „მინდა, შევუერთდე ამ საყოველთაო ზეიმს, გავიზიარო ეს დიდი სიხარული – ახალი წლის დადგომის, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლის, სიყვარულის, სისუფთავის, შერიგებისა და ბუნების პატივისცემის დღესასწაული. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, წინსვლა და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება, რომელიც სამშობლოა ყველა ჩვენი მოქალაქისათვის“, – აღნიშნავს პრემიერი მიმართვაში.

დღესვე ბიძინა ივანიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პრემიერს არსებული პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი და შესაკეთებელია სოფლის გზა, არ არის ნორმალური სკოლა.

თამარისში პრემიერთან ერთად მყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თამარისში სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლებს ხვალვე გააგზავნის.

სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთან ერთად პრემიერი სოფელში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

აქვე ივანიშვილი დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასაც შეეხო და აღნიშნა: „თავის პარტიას, თავის სახეს აჩვენებენ ისინი მხოლოდ. არავის არ მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან, და არ სჭირდება ამას ზედმეტი გარეკლამება. ამისაც კი მერიდება მე, რომ სახნავს ვუყურებ და კამერებს“.