აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში

1alas-aqtuaa6საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დეპუტატებს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ პარლამენტარებთან თავდაცვის უწყებაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამინისტროში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელმა უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან დოლიძე და თამარ ქაროსანიძე, ასევე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე უწყების ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ 1 კვირის წინ დაამტკიცა, დახურულ შესყიდვებთან დაკავშირებით: თუ შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაო სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარს, თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფთან ვალდებულებას იღებს ზუსტი ინფორმაცის წარმოდგენაზე; ასევე, ღია ტენდერებთან დაკავშირებით თუ შესასყიდი საქონლის და მომსახურების ღირებულება აღემატება სავარაუდო 2 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაო სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარს, თავდაცვის სამინისტრო თავდაცვისა და უშიშრების კომიტეტს განსახორციელებელი არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. ასევე, თავდაცვის სამინისტრო, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შესყიდვების კუთხით გაწეულ და მიმდინარე საქმიანობაზე მოხსენებას წარუდგენს. ეს ის ბერკეტები იქნება, რომელაც გამოიყენებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, როგორც უმრავლესობა, ის უმცირესობა, რომ თუკი არსებობს გარკვეული ინტერესი კონკრეტული შესყიდვების მიმართ, ჩვენ მზად ვიქნებით, დეტალური ინფორმაცია წარმოვადგინოთ ყველა შესყიდვაზე“.

ირაკლი ალასანიამ დღეს გერმანელ ექსპერტებთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების შემსწავლელი კომისია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ კომისიის მუშაობაში ჩართული იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. სამხედროებისთვის ყველაზე პრობლემური საყოფაცხოვრებო საკითხების იდენტიფიკაციისთვის კვლევა ჩატარდა. დადგინდა, რომ სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი უკიდურესად მძიმე პირობებშია. ამჟამად სამინისტრო შესაბამის ფინანსურ გათვლებს ახორციელებს და ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმას ამზადებს. გრძელვადიანი გეგმა გვინდა, რომ განვახორციელოთ გერმანელ პარტნიორებთან ერთად, რადგან, ჩემი აზრით, სამხედრო ლოგისტიკის დაგეგმვის კუთხით, საუკეთესო სპეციალისტები სწორედ გერმანელები არიან. ჩვენ ორმხრივ ფორმატში უკვე გვქონდა გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაშიც ჩადებულია, რომ ლოგისტიკის სპეციალისტები ჩვენს სპეციალისტებთან ერთად ამ ექსპერტულ სამუშაოს დაიწყებენ. მოკლევადიანი ამოცანები კი არის, რომ ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც სამხედროებს აქვთ, მოეხსნათ. აქედან გამომდინარე, დაანგარიშებები უკვე გაკეთებულია. აქვე მინდა, მოგიწოდოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დეპუტატებს როგორც უმცირესობიდან, ისე უმრავლესობიდან, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინიციატივას, რათა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, ბიუჯეტგარეშე სახსრები გამოყოს ფინანსთა სამინისტრომ“.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ხაზი გაესვა ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს არის საქართველოს სახელმწიფოსა და ახალი მთავრობის ურყევი ნება. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა: საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, ერთ-ერთი ახალი შემოთავაზება საქართველომ გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად მიიღო. ეს იყო ქალბატონი ეშტონის მიერ მომართვა. ევროკავშირი გვთხოვდა, განგვეხილა საკითხი უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეწყო ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემასთან, მათ შორის, განგვეხილა საკითხი შესაძლო სამშვიდობო თუ სხვა ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ეს საკითხი მთავრობაში განვიხილეთ და პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ. საქართველოს, ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, ჩვენი პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გაზრდისთვის და, რაც მთავარია, ევროკავშირის, ევროატლანტიკური სივრცისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული მოკავშირისთვის, კიდევ ერთი დამატებითი მხარდაჭერის მიღებისთვის იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. აქ არ იყო საუბარი საბრძოლო ქვედანაყოფების მონაწილეობაზე. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვაცნობეთ ევროკავშირს, მაგრამ, ასევე, ვთხოვეთ, რომ დაგვეწყო კონსულტაციები, თუ კონკრეტულად რაში დასჭირდებოდათ მათ ქართული გამოცდილება და ქართველი სამხედროების ექსპერტიზა. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მათ თანამონაწილეობის ჩვენი ვარიანტი შევთავაზეთ. ეს გულისხმობს ქართველი წარმომადგენლის ერთობლივ საშტაბო სხდომებში მონაწილეობას, რათა მათი დაგეგმარების პროცესში ჩაერთოს. ასევე, შევთავაზეთ ჩვენი ერთ-ერთი გამნაღმველი. როგორც ავღანეთში, ის ყველგან, საომარი მოქმედებების პერიოდში, განაღმვის პრობლემა არის ყველაზე მწვავე და ამ კუთხით საქართველოს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები ამ კუთხით. პოლიტიკური ნება არსებობს, დადასტურებულია. ტექნიკური მხარეა გადასაწყვეტი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს საფრთხეებიც მიმოიხილა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სადაზვერვო თანამეგობრობის მონაცემებით, პრაქტიკულად, ვითარება არ შეცვლილა. დამძიმდა იმით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის დოქტრინა და საფრთხეების ანალიზი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. მაგრამ აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის კუთხით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა საბრძოლო მოქმედებების განახლების პოტენციური შესაძლებლობა შეამცირა. აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებას არ აქვს არანაირი საფუძველი, თუ არა მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს შეიარაღებული ძალები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა როგორც სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და სამოქალაქო ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელებაა, ისე, პირველ რიგში, არის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში გვყავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები. ასევე მომატებულ, მოსალოდნელ საფრთხედ რჩება უკვე დაგეგმილ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ტერორისტული პოტენციური საფრთხე ოლიმპიადის წინააღმდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.