აქტუალური
ალასანია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1-alasania-slovaketiსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი იმყოფება, რომელიც დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში და 2014 წლის შემდეგ მისიაში მონაწილეობის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.

"სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას და ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებას. ძალიან სასიხარულოა, რომ მომავალ წელს დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ ჩვენი მეგობრები აქტიურდებიან და გვერდში უდგანან საქართველოს, რათა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიოს წინ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციისაკენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

"სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი თავდაცვის მინისტრს და დაწვრილებით განვიხილეთ ნატოს სამიტის დღის წესრიგი, ასევე, რა სახით შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ საქართველოს და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ვისაუბრეთ ავღანეთის საკითხზეც, რადგან ორივე ქვეყანა აქტიურადაა ჩართული ISAF-ის ოპერაციაში", - აღნიშნა, თავის მხრივ, მიროსლავ ლაიჩაკმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ალექსი პეტრიაშვილს. მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ დაასრულებს.