აქტუალური
სააკაშვილი ტრაილერს შეეჯახა...

1-akt-plechoსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში გუშინ, 17 საათზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა:

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს (კვირას, 2013 წლის 7 აპრილს - საქინფორმი), ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს“.

საქინფორმი დამატებით იუწყება, რომ სააკაშვილს უბედური შემთხვევა

კურორტ ანტალიაში მოუვიდა, როდესაც ველოსიპედით დილის გასეირნებისას საავტომობილო ტრასაზე გასვლა გადაწყვიტა. ის გზატკეცილზე გავიდა, გადაკვეთა და მკვეთრად გადავიდა საპირისპირო მხარეს, სადაც დიდი სიჩქარით მიმავალ ტრაილერს შეეჯახა... საქინფორმის მთავარ გვერდზე განთავსებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ “შეუხტა“ გასწრების მცდელობისას ველოსიპედიანი მიშა ტრაილერს... მაგრამ მძიმე სატვირთო მანქანაზე იერიშის მიტანა მისთვის სავალალოდ დამთავრდა - მოძრავი გიგანტის გვერდთან შეჯახება მას უკან გადატყორცნის, რის შემდეგაც სავალი ნაწილიდან გაფორთხება ცდილობს, შემდეგ კი თვითმხილველი გამვლელები ეხმარებიან. სააკაშვილს არნახულად გაუმართლა, რომ დარტყმა შემხები აღმოჩნდა, რადგან მძიმეტვირთიანი ფურას მძღოლმა მოულოდნელობისაგან დამუხრუჭება ვერ მოასწრო - ამ შემთხვევაში მიშა კიდევ ნახევარი მეტრის გავლას "მოასწრებდა" და პირდაპირ სატვირთოს ცხვირწინ აღმოჩნდებოდა...

გუშინ საღამოს მას უკვე მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მარცხიან პრეზიდენტს ლავიწი სამ ადგილას აქვს გატეხილი. აგრეთვე, როგორც თურქული მედია იუწყება, მან მრავალი სხვა - ერთი შეხედვით, ნაკლებად მნიშვნელოვანი ტრავმაც მიიღო.